დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ს.ს. კორპორაცია “ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრსა“ და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის. მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობას პროექტის ,,შავი ზღვის მარგალიტი“ ფარგლებში გურიის ტერიტორიაზე ურბანული და სამრეწველო დაგეგმარების/განაშენიანების პროექტირების სამუშაოების განხორცილებას, თავისუფალი ინდუსტრიული, თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. კერძოდ, აგროსამრეწველო და ტურისტული კომპლექსების მშენებლობასა და განთავსებას.
“ერთი წელია, რაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან “შავი ზღვის მარგალიტის“ პროექტის ფარგლებში. რამდენიმე პროექტი წარმოადგინეს მათ გურიის ტერიტორიაზე 150 000 000 აშშ დოლარის ღირებულების, დღეს დაემატა მესამე პროექტი, რომელიც 60 000 000 ევროს შეადგენს. ეს ძალიან კარგი სიახლე გახლავთ გურიისთვის, ვინაიდან გაჩნდა უამრავი ადამიანის დასაქმების პერსპექტივა“,- აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.
ამ მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას: აღმოუჩინოს ინტელექტუალური დახმარება ,,კორპორაცია“-ს და გაუწიოს კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის რეგიონის შესაძლებლობების შესწავლაში რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის შედგენის მიზნით; გაუწიოს რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს კორპორაციას სხვადასხვა ორგანიზაციებთან, უწყებებთან და კერძო კომპანიებთან კონკრეტული პროექტების განხორციელებისათვის; მოახდინოს შუამდგომლობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აღნიშნული ტერიტორიების საკუთრების უფლებით გადმოცემისა და თავისუფალი ინდუსტრიული, თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის თაობაზე. კორპორაცია, თავის მხრივ, აცხადებს მზადყოფნას: იმუშაოს მემორანდუმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად; მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების გადასაჭრელად განახორციელოს დაფინანსება 150 000 000 (ას ორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით; საკუთარი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი მოახმაროს ამ მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების მიღწევას.