„გაუფრთხილდი ქალაქს“ – თბილისის მერია ახალი სოციალური კამპანიისთვის კონკურსს აცხადებს

18/06/2018

„გაუფრთხილდი ქალაქს“ – დედაქალაქის მერია ახალი სოციალური კამპანიის წარმოების მიზნით კონკურსს აცხადებს. კონკურსი საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას ითვალისწინებს, რომლის ავტორი სარეკლამო კომპანია მას 6 თვის განმავლობაში განახორციელებს. გამარჯვებულ კონცეფციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, სოციალურად აქტიური პირებისგან დაკომპლექტებული კომისია თბილისის მერიასთან ერთად გამოავლენს. 6-თვიანი სოციალური კამპანია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას.

„ჩვენ უნდა დავანგრიოთ სტერეოტიპები, რომელიც არსებობს, რომ აი, ავირჩიეთ ქალაქის მერი, ქალაქის მთავრობა და ისინი მიხედავენ ყველაფერს. პასუხისმგებლობა, რომელიც ქალაქის მთავრობას, მერს გააჩნია, კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენი გასაკეთებელია, თუმცა, ქალაქის მოსახლეობის ჩართულობა ქალაქის განვითარებაში, მის მოვლა-პატრონობაში ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე მოთხოვნაც არის საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქალაქზე ზრუნვის საჭიროება ყველამ უნდა გაითავისოს.

„ძალიან ბევრი ვანდალიზმის ფაქტი ფიქსირდება, ზიანდება სკვერები, იგივე შემთხვევა გვქონდა ახალ ავტობუსებში. ეს ქალაქი ყველასია. ყველამ უნდა გაითავისოს ეს. როგორც საკუთარ ოჯახში ვუვლით ნივთებს, ისე უნდა გავუფრთხილდეთ ქალაქს და მოვუაროთ. სხვაგვარად ძალიან გაგვიჭირდება. იმედი მაქვს, რომ საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა იქნება და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ვუპასუხოთ აქტუალურ გამოწვევებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დავალება, რომელსაც სარეკლამო კომპანიები მიიღებენ, ეფუძნება თბილისის მერიის დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომელიც ამ მიმართულებით სრული და ნათელი სურათის დანახვის საშუალებას იძლევა. კამპანია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სახის სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებულ აქცია-აქტივობებს, რომლებშიც დედაქალაქის მცხოვრებლები ჩაერთვებიან.
აღნიშნული თემატიკის სოციალური კამპანიის წარმოების საჭიროება საერთო სარგებლობის სივრცეში დაფიქსირებულმა ვანდალიზმისა და დაბინძურების ფაქტებმა განაპირობა.
სოციალური კამპანია ხელს შეუწყობს როგორც ზრდასრულებში, ისე მომავალ თაობაში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, თბილისის მერიის მიერ შესრულებული პროექტების შენარჩუნებას, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.
საკონკურსო პროექტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით, კონკურსის შედეგები კი გასაჯაროვდება არა უგვიანეს 2018 წლის 30 ივლისისა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0