ნინო ბურჯანაძის განცხადებით, როდესაც არჩევნები გამოცხადებულია, დიდი ალბათობით, პროცესები გადავა საარჩევნო კამპანიის პროცესში. პარტიის ლიდერმა ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ გარკვეული შეცდომა პოლიტიკურმა ძალებმა დაუშვეს და დრო დაიკარგა. „დემოკრატიული მოძრაობა“ ითხოვდა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას, თუმცა ერთიანი ფრონტით ხელისუფლებაზე შეტევის განხორციელება ვერ მოხერხდა. ხელისუფლებამ მოახერხა და ყველაფერი დატოვა ისე, როგორც მას აწყობს. მე არ გამოვრიცხავ სერიოზულ პრობლემებს არჩევნების შემდეგ – ჩანს ყველა ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება აპირებს არჩევნების შედეგების სერიოზულ მანიპულაციას,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, როდესაც არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ვხედავთ, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, თუმცა საუბრობს საკონსტიტუციო უმრავლესობაზე და აცხადებს, ყველა რაიონში მაჟორიტარს მოიგებს, ეს ძალიან საგანგაშოა.
„ურეიტინგო ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები საკონსტიტუციო უმრავლესობის თაობაზე, იმის თაობაზე, რომ ყველა რაიონში გაიყვანს მაჟორიტარებს, ყველას, ვინც პოლიტიკაში ერკვევა, გვაძლევს ძალიან საგანგაშო სიგნალს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება აპირებს ნებისმიერ ფასად მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა ხდება ხოლმე, როდესაც ხელისუფლება ნებისმიერ ფასად არჩევნებში წერს ისეთ შედეგს, რაც თვითონ აწყობს, ეს ჩვენ გვახსოვს და მე აღარ მინდა, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში განმეორდეს,“- აღნიშნა ბურჯანაძემ.