ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, გამომდინარე კანონპროექტთან ერთად განიხილეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. დოკუმენტის მიზანია შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან იქნეს არიდებული 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობისა და პოლიციელებზე ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხის გადაჭარბებული პოლიტიზება. კანონპროექტით ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ცხადდება ამნისტია. პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, „ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიციირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება“. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
„ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს, რაც ყველას პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.
„თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ გვსურს ამ მძიმე, რთული ფურცლის გადაშლა, ამ თემით სპეკულირების დასრულება, მაშინ გთავაზობთ ამნისტიის აქტს იმ ტექსტის სულისკვეთებით და იმ ტექსტის შესაბამისად, რაც ჩაიწერა შეთანხმებაში. ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი, რომელსაც ბატონი შალვა შავგულიძე წარადგენს ჩემს შემდეგ, არცერთ ასპექტში არ ასახავს შეთანხმების სულისკვეთებას, რა შეთანხმებასაც პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური პარტიები ცდილობენ პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას და რატომღაც პოლიტიკური გამბედაობის ნაკლებობაა, როცა ხელს აწერ დოკუმენტს და ამბობ, რომ ყველა დარღვევას შეეხოს და ეს ფურცელი გადაიშალოს, შემდეგ კი აინიცირებ კანონპროექტს, სადაც საუბარია ცალმხრივად ამნისტიაზე. მათ მიერ წარმოდგენილ პროექტში საუბარია იმაზე, რომ თურმე ყველა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს შეიძლება ეპატიოს ქმედება ისე, რომ არაფერი ვკითხოთ დაზარალებულებს, აქ არიან დაზარალებულები, მათ შორის, პოლიციელები, რომელთაც მიიღეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და თურმე ესეც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს შეიძლება ეპატიოს და, პირიქით, თუკი პოლიციელებმა განახორციელეს უფლებამოსილების გადამეტება, მათთან მიმართებაში საჭიროა დაზარალებულის თანხმობა. ეს არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს კიდევ უფრო მეტი მოეთხოვება, დაბალ სტანდარტს უწესებ და საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის ფარგლებში, შესაძლოა, გადაამეტა უფლებამოსილებას, უფრო მეტ სტანდარტს უწესებ. ეს არის არასამართლიანი მიდგომა და არ ემსახურება „ფურცლის გადაშლას“. ეს არის ერთ კონკრეტულ პირზე მორგებული ამნისტია. თუმცა მაქვს კონსტრუქციული თანამშრომლობის მოლოდინი. აქ იმისთვის არ ვართ შეკრებილები, რომ ერთმანეთს ნიშნის მოგებით ვესაუბროთ, გვაქვს საქმიანი განხილვა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კანონპროექტის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. დისკუსიისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა შავგულიძის მოსაზრებით, ასეთი არაგანჭვრეტადი ამნისტია, რომელიც ვრცელდება არა დანაშაულზე, არამედ რაღაც ფაქტზე, სამართალმწარმოებელ ორგანოებს აძლევს შეუზღუდავ უფლებამოსილებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, თვითნებურად გაავრცელონ ამნისტია კონკრეტულ ქმედებებზე და არ გაავრცელონ რაღაც კონკრეტულ ქმედებებზე, გამომდინარე იქედან, როგორც წარმართავენ კონკრეტულ სამართალწარმოებას და რამდენად ჩათვლის გამომძიებელი ან სასამართლო, რომ ეს დანაშაული უკავშირდება ამ მოვლენებს.
„სამართლებრივად გაუმართლებელია ასეთი არაკონკრეტიზებული ამნისტია. ასეთი პრაქტიკა, რომ დაკავშირებული იყოს რაღაც მოვლენასთან, ჩვენ არ ვიცნობთ, ამნისტია ყოველთვის უკავშირდება კონკრეტულ ნორმებს“, – განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა, შალვა შავგულიძემ.
მისი თქმით, ამნისტია არის სახელმწიფოს ჰუმანური აქტი, რომელიც აღჭურავს კონკრეტული ქმედების ჩამდენ პირს, რომ მის მიმართ არ განხორციელდეს გეგმა ან რაღაც შეღავათი იქნას სასჯელის ნაწილში გამოყენებული.
„ეს იმდენად აღმჭურველია, რომ შემდეგ ის ვრცელდება ძებნილზეც და ყველაზე, ვისაც ეს ქმედება აქვს ჩადენილი, რაც ამ ამნისტიას დაექვემდებარა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამნისტია განხორციელდება, ამის შემდეგ ეძლევა პირს უფლება, უარი თქვას მის მიმართ გავრცელებულ ამნისტიაზე და მოითხოვოს სამართალწარმოების გაგრძელება, ვინაიდან მას, ვთქვათ, აქვს სურვილი, რომ არ იყოს ამნისტიით შეწყვეტილი მისი საქმე, არამედ მიაღწიოს გამართლებას და გამართლებით იქნას დამთავრებული მისი საქმე, ეს მისი უფლებაა. თუ ბრალდებული ან მსჯავრდებული გამოიყენებს ამ უფლებას და იტყვის, რომ არ სურს გავრცელდეს მასზე ამნისტია და სამართალწარმოება გაგრძელდეს, სამართალწარმოებით მისი გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სასჯელი ამას მაინც ვერ დაენიშნება, იმდენად ცალმხრივად აღჭურავს სახელმწიფო ამნისტიის უფლებით მსჯავრდებულს თუ ბრალდებულს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის მოსაზრებით, წარმოდგენილი ამნისტია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას არღვევს. მან კომიტეტის წევრებს მიმართა, კანონპროექტის განხილვამდე და მის მხარდაჭერამდე იმ ორგანიზაციების მოსმენა მოხდეს, რომელთაც დოკუმენტურად შეისწავლეს, რა მოხდა 19-20 ივნისს. ასევე, კომიტეტმა მოუსმინოს გენერალურ პროკურორს, სახალხო დამცველს და თავად დაზარალებულებს. ანა ნაცვლიშვილის მოთხოვნასა და შეფასებას „ქართული ოცნების” დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიციონერ კოლეგას მიმართეს შეკითხვით, იცოდა თუ არა, შარლ მიშელის დოკუმენტის სახით, რას მოაწერა ხელი პარტია „ლელომ”. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, სოზარ სუბარის განცხადებით, ამნისტია ერთდროულად არის სამართლებრივი აქტიც და პოლიტიკურიც. მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკური წანამძღვრები ნებისმიერ ამნისტიაში დევს, თუმცა ამ ამნისტიაში პოლიტიკური უფრო მეტია.
„რაშიც შეიძლება მთლიანად დავეთანხმო ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს, მართლა უმძიმესი კომპრომისია ამ ამნისტიის მიღება და განსაკუთრებით მძიმე კომპრომისია ამ ქვეყანაში და ამ შენობაში, რომელსაც ახსოვს უმძიმესი ტრაგედია – სამხედრო გადატრიალებას დავარქმევთ, პუტჩს თუ სამოქალაქო ომს, რომელიც სწორედ ამ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე ტრიალებდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დეპუტატებმა მოისმინეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები. „ვინაიდან არის დათქმები, რომელ მუხლებზე არ ვრცელდება, ჩვენ დამატებით გთავაზობთ, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებზეც არ გავრცელდეს. იმ პირების საქმეებში, ვისაც ჩვენ ვიცავთ, გამოძიება მიმდინარეობს ყველგან 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, აქ არიან მძიმედ დაზარებული პირები, რომელთაც დაკარგეს მხედველობა, დაკარგეს თვალი“, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნონა ქურდოვანიძემ. მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, კარგია ამ პროცესს საერთაშორისო პარტნიორებმა მიადევნონ თვალი, ვინ რა მოსაზრებებს გამოთქვამს და ვინ რჩება შეთანხმების ერთგული. დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ოპოზიციონერი პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“.
მომხსენებლის, შალვა შავგულიძის განმარტებით, 2021 წლის 18 აპრილს შარლ მიშელმა გამოაქვეყნა შეთანხმების ტექსტი, რომლის პირველ პუნქტში გაცხადებული დებულება დაედო საფუძვლად კანონპროექტის ინიცირებას.
„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე, აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს საპოლიციო ღონისძიებების განმახორციელებელი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც ბრალდებული/მსჯავრდებული არიან, შესაბამისად, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, და მათ მოეხსნებათ ნასამართლობა. აგრეთვე, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებსაც ზემოხსენებულ მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე და 1741 მუხლების საფუძველზე. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი და აუცილებელი ნაბიჯი ყველა იმ მიზნის განხორციელებისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც ითვალისწინებს 2021 წლის 19 აპრილის ზემოხსენებული შეთანხმება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მას განსხვავებული მოსაზრება აქვს შეთანხმების პათოსთან დაკავშირებით.
„თუკი ხვალ ვინმე გადაწყვეტს, რომ კიდევ ბრალდების საგანი იყოს 20 ივნისთან დაკავშირებული რომელიმე მოვლენა, ზუსტად ეს გვევალება ამ შეთანხმებით, რომ ეს შესაძლებლობა ჩაიკეტოს და თქვენ ამ შესაძლებლობას ტოვებთ“, – მიმართა მომხსენებელს კომიტეტის თავმჯდომარემ.
მომხსენებელმა, შალვა შავგულიძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით, პროცედურულად ორივე კანონპროექტის პარალელურ რეჟიმში სამივე მოსმენით განხილვა მიზანშეწონილი არ იქნება. „თუმცა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღეს დაისვა, დისკუსიის შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.