გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე პროექტის „ნარჩენების მართვის სტრატეგია“ თაობაზე იმსჯელეს

26/01/2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტები „ნარჩენების მართვის სტრატეგია“ და „სამოქმედო გეგმა“ განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა აღნიშნა, რომ „ნარჩენების მართვის სტრატეგია“ (ნმეს) ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად არის შემუშავებული და მის მიზანს ნარჩენების მართვის ევროპულ პოლიტიკისათან საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზაცია წარმოადგენს.
მისივე თქმით, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ნარჩენების მართვა საკმაოდ რთული პროცესია და ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.
დღესვე დეპუტატებმა ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზეც (ნმესგ) იმსჯელეს, რომელიც სტრატეგიის განხორციელების მიზნითაა შემუშავებული და სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
როგორც კომიიის თავმჯდომარემ აღნიშნა, სტრატეგია 15 წლიან პერიოდს (2016-2030წწ) მოიცავს, რომლის განახლებაც პერიოდულადაა შესაძლებელი. სამოქმედო გეგმა კი, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება განახლებას და შესაბამისად, პირველი სამოქმედო გეგმა 2016-2020 წლებს მოიცავს.
აღნიშნული მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და შესაბამისი მიზნები რამდენიმე ძირითად პუნქტს მოიცავს, მათ შორის ნარჩენების მართვის დაგეგმვა, შეგროვება და ტრანსპორტირება, ნაგავსაყრელები, პრევენცია, ხელახალი გამოყენება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.
აღნიშნული პროექტები წარმომადგენლობით ორგანოში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ იყო წარმოდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0