გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა

14/05/2020

დღეს მთავრობამ რამდენიმე ის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში წარადგინა.

„პირველი, ეს არის ის შეღავათი, რომელიც ჩვენს ფერმერებს დაუწესდა სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან განთავისუფლების სახით, მათ ჩამოეწერათ, როგორც 2020 წლამდე დავალიანება, ისე მიმდინარე წლის ირიგაციის და დრენაჟის საფასური 10 ჰა-მდე მეურნეობებისთვის. მეორე ეს არის აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა; ეს არის მთავრობის ახალი დადგენილება, ახალი პროექტი, რომელიც, მცირე და საშუალო ფერმერებისთვის ითვალისწინებს გრანტს და იმედია, მომავალშიც გაგრძელდება ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. მათ უნდა ჰქონდათ წვდომა თანამედროვე ტექნიკაზე, რაც პირდაპირ კავშირშია კონკურენტუნარიანობასთან. მათ უნდა შეძლონ მეურნეობების მოდერნიზაცია და გაფართოება. მექანიზაცია ძირითადი საშუალებაა თანამედროვე ფერმერული მეურნეობის წარმოებისთვის და, შესაბამისად, ყველაზე მოთხოვნადია. აქ საუბარია მცირე მექანიზაციაზე, ეს არის 100 ცხენის ძალამდე ტრაქტორი, თვითმავალი ტექნიკა, ხელის მოტობლოკი ან იმპლემენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერ მეურნეობაში. ჩვენი თანადაფინანსება არის 50%-იანი და მიგრანტი ფერმერებისთვის ეს შეიძლება იყოს 50 000 ლარი.
პროექტი ითვალისწინებს მცირე სასათბურე მეურნეობების შექმნისთვის საგრანტო თანადაფინანსებაც; აქაც პირობები იგივეა – 50% და 50 000 ლარამდე თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კომპონენტი ითვალისწინებს არა მხოლოდ სტარტაპებს და ახალ მეურნეობებს, არამედ არსებული სასათბურე მეურნეობების მოდერნიზაციას, განახლებას, გაფართოებას. მესამე კომპონენტი ითვალისწინებს ერთწლიანი კულტურების თანამედროვე სარწყავი სისტემებით აღჭურვას თანადაფინანსების იმავე პირობებით. ჩვენ ფერმერებს მივეცით საშუალება, რომ, ფაქტობრივად, უფასო საბრუნავი საშუალებებით ისარგებლონ, ამასთანავე სახელმწიფო მათ მნიშვნელოვან პირდაპირ დახმარებასაც უწევს, რომელიც უკავშირდება წარმოების საშუალებებს, მათ შორის, სათესლე მასალას, ყველა იმ აგროქიმიკატს, რომელიც გვჭირდება წარმოებაში, სასუქებს. ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითად საშუალებებზე წვდომა. ეს წვდომა საგრანტო დახმარებით ჩვენს ფერმერებს უიოლებს პირობებს. აქედან გამომდინარე, ისინი თანამედროვე პირობებში შეძლებენ ერთწლიანი, როგორც ბოსტნეული, ისე მარცვლეული კულტურების წარმოებას. მნიშვნელოვანი დეტალი უკავშირდება კოოპერატივებისთვის დამატებით შეღავათს. კოოპერატივებს შეუძლიათ მიიღონ არაუმეტეს 500 000 ლარამდე გრანტი და ეს საკმაოდ დიდი სტიმულია კოოპერატივების და კოოპერაციის წახალისებისთვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0