გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27/03/2023

გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს „საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი, რომელსაც სამომავლოდ დაეყრდნობა საქართველოს კანონი საძოვრების შესახებ. კონცეფცია ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას და განიხილავს საძოვრების მდგრად სარგებლობას მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებთან ერთად. დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში შექმნილ, უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ და მხარდაჭერილია გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
კონცეფციაში მოცემულია ძოვების სისტემების სხვადასხვა ტიპები;
საკუთრების და სარგებლობის ფორმები;
საძოვრების მართვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები;
სამართლებრივი ასპექტები და საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის დანერგვის ეტაპები.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე, ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, მათი მოადგილეები, სოფლის რწმუნებულები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0