გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს მოუსმინეს

05/04/2021

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, იმერეთის რეგიონში არსებულ საწარმოთა მიმდინარე საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ საკითხი განიხილეს. კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს, მოუსმინეს.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საინტერესო უნდა იყოს ინფორმაციის მიღება იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც კომპანიაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის და წიაღის მდგრადი მოპოვების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით მას შემდეგ განხორციელდა, რაც სახელმწიფომ კომპანიაში დროებითი მმართველი შეიყვანა. ნიკოლოზ ჩიქოვანმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა „ჯორჯიან მანგანეზში“ 2017 წლამდე, სპეციალური მართვის რეჟიმის ამოქმედებამდე არსებულ მდგომარეობას, შემდგომ პერიოდში განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს. მომხსენებლის განცხადებით, არსებული რთული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დამტკიცებულ იქნა განვითარების 14-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ფაქტობრივად შესრულებულია, გარდა ზოგიერთი იმ საკითხისა, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ობიექტური პირობების გამო ჯერჯერობით განუხორციელებელი დარჩა. შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მომხსენებელმა კომიტეტის წევრებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. მაია ბითაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებიც კომპანიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში განახორციელა, თუმცა კვლავ რჩება საკითხები, რომლებიც დროულად გადასაწყვეტია და ეს ამ მოსმენაზეც გამოიკვეთა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჰაერის და მდინარის დაბინძურება. სხდომის შეჯამებისას, კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველის შეყვანამდე ნამდვილად მძიმე მდგომარეობა იყო და სამუშაო კვლავ ძალიან ბევრია ჩასატარებელი. კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ თავად კომპანიის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0