გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა. კანონპროექტი მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელი და სათანადო ინსტიტუციების განსაზღვრას და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელმაც ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველის უსაფრთხო და საიმედო გარემოში თანაარსებობა უნდა უზრუნველყოს. კანონპროექტის პრინციპები სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა. მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იყო შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით გამართულ სამუშაო შეხვედრებზე გამოითქვა ან წერილობით შევიდა კომიტეტში.
„ამ კანონპროექტის მთავარი ქვაკუთხედია ის, რომ შეიქმნას შინაურ ბინადარ ცხოველთა (კატებისა და ძაღლების) იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის, როგორც პოპულაციის მართვის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც სამომავლოდ მოგვცემს საშუალებას გავაკონტროლოთ ყველა ის ცხოველი, რომელიც ქუჩაში იქნება გაგდებული ან უკონტროლოდ მომრავლებული. ასევე დაცული იქნება ყველა ის სოციალური პირობა, რომელიც ადამიანისა და ცხოველის მშვიდობიან თანაარსებობას უზრუნველყოფს. იმედს ვიტოვებ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, 10 წელიწადში აღარ გვეყოლება არც უპატრონო ძაღლი და არც მიმკედლებელი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, დღეს რეალურად არსებული პრობლემები, სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ აქამდე ქვეყანაში არ არსებობდა ერთიანი რეგულაცია, რომელიც იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის ვალდებულებას დააკისრებდა პატრონებს. მანვე აღნიშნა, რომ კანონპროექტზე მუშაობის პარალელურად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ შემუშავდა ელექტრონული პროგრამა, რომელიც ჩიპირებული ცხოველის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მოქმედი სუბიექტებისათვის: ვეტერინარული დაწესებულების, მუნიციპალური თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური და ფელინოლოგიური დაწესებულებისა და რეალიზატორის საქმიანობის სტანდარტების დადგენას. მაია ბითაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით დარეგულირდება ისეთი საკითხები, როგორიცაა შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისგან დაცვა, ევთანაზია, მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება, რეალიზაციის პირობები და ცხოველის საარსებო გარემოს სტანდარტები. კანონპროექტით განსაზღვრულია სტერილიზაცია-კასტრაციის ვალდებულების შემოღება უკვე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვეტერინარული წესების თანახმად. კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ კინოლოგები, ფელინოლოგები, ვეტერინარები, მომშენებლები და ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.