გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში RMG-ჯგუფის გარემოსდაცვითი საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

17/07/2023

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე RMG-ჯგუფის გარემოსდაცვითი საქმიანობის თაობაზე ანგარიში მოისმინეს.

„ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრაზე კომპანია RMG- ის ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი განახლებული გარემოსდაცვითი პროგრამისა და ახალი ვალდებულებების თაობაზე იმსჯელეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ბევრი რამ გაკეთდა და კარგი შედეგიც არის. მისივე თქმით, კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაცვის კუთხით ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესებულია.

„ამჟამად წიაღის მოპოვების ადგილზე გარემოს დაცვის მიმართულებით საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს, რაც ინსპექტირების აქტებითაც დასტურდება. სასიხარულოა, რომ ერთობლივად დავგეგმეთ სამომავლოდ თანამედროვე მეთოდების გამოყენება როგორც მოპოვებითი სამუშაოების, ასევე შლამსაცავის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს კომპანიის საქმიანობას როგორც მართვით ნაწილში, ასევე ერთმნიშვნელოვნად დადებითი ზეგავლენა ექნება ადგილზე ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაზე, მიმდინარე და სამომავლო საქმიანობასთან მიმართებით. უნდა აღინიშნოს, რომ შლამსაცავის მოწყობა დაგეგმილია ისეთი ინოვაციური მეთოდით, რომელიც არა მარტო რეგიონში, არამედ ზოგადად ევროპაშიც არ არის“, – განაცხადა შეხვედრის დასრულებისას მაია ბითაძემ.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, RMG-ჯგუფის ხელმძღვანელები, კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრები, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენელი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0