გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წყლის რესურსების მართვის რეფორმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

01/05/2023

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წყლის რესურსების მართვის რეფორმასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებისთვის გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საგურამოში გამართულ შეხვედრაზე „წყლის რესურსების მართვის“ კანონის პროექტიდან გამომდინარე ცვლილებებზე, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს. კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, კომიტეტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი უმნიშვნელოვანესია, რომელიც ევროკავშირთან არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, სრულიად ცვლის წყლის რესურსების მართვის პრინციპებს და აყალიბებს წყლის რესურსების მართვის ერთიან, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებულ, წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი ევროდირექტივების შესაბამის თანამედროვე სისტემას.

„წყლის მართვის კანონი არის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება. თუმცა, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ამ კანონპროექტზე, რომელიც თავისი შინაარსით ყოვლისმომცველია. ის ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის სააუზო მართვას, რაც თავის შინაარსში არ გულისხმობს მარტო წყლის რესურსების გამოყენებას, მისი თანმდევია ბევრი პროცესი, რომელიც თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის შექმნასთან არის დაკავშირებული. ამ კანონის ორი მთავარი მიზანია კლიმატური ცვლილებების და ზოგადად ბუნებრივი პროცესების გათვალისწინებით, წყალი იყოს თანაბარზომიერად გამოყენებული, ასევე წყლის რესურსები დაცული იყოს დაბინძურებისგან. ეს ძალიან კომპლექსური საკვანძო საკითხია ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატის ცვლილება, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოსთვის გამოწვევაა, წყლის რესურსის სწორ გამოყენებას და მართვას მომდევნო ათწლეულებში საკვანძო მნიშვნელობა ექნება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0