გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა აჭარაში ძველი ნაგავსაყრელების დახურვისა და ახლის მოწყობისთვის სასესხო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

24/04/2023

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების“ (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – ფაზა II) თაობაზე იმსჯელა. შეთანხმება ითვალისწინებს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ტრანშის გამოყოფას. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პროექტის პირველ ეტაპზე დასრულებულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ძველი, კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყრელის დახურვის, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები. ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონისთვის მოძრავი ტექნიკური საშუალებების შესაძენად საჭიროა დამატებითი რესურსი. კერძოდ, ტექნიკის შესაძენად საჭიროა 3 მლნ ევრო. მომხსენებელმა დეპუტატებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხის ფინანსური პირობები გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0