აქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იმედს გამოთქვამს, რომ ჰააგაში, აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში სიმართლე საკუთარ გზას იპოვის. ასე ეხმაურება ხიდაშელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას ეხება.
“გაოცებული ვარ იმ განცხადებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არის წინასწარი მოკვლევის შედეგებზე დაფუძნებული და ტონალობაც, განწყობაც, სუბიექტებიც და მხარეებიც უკვე გამოძიების დროს შეიცვლებიან და სიმართლე იპოვის საკუთარ გზას ჰააგაში. გუშინდელ განცხადებაში ჩვენ ვნახეთ, რომ საუბარია ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ ”ორივე მხარეში” იგულისხმებიან ქართული და ე.წ.სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მის ოფისს მისცა უფლება, დაიწყოს გამოძიება საქართველოში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე.
“გამოძიების დაწყება გასული წლის ოქტომბერში მოვითხოვეთ, საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ სანდო ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც სამივე მხარე მონაწილეობდა. სასამართლოს არ შეუძლია გამოძიების დაწყება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უკვე იძიებს იმავე საქმეებს. ბოლო დრომდე ქართული და რუსული გამოძიებები პროგრესულად მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოში მარტში ამ მიმართულებით მუშაობა შეწყდა. ჩვენი გამომძიებლები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან შეაგროვებენ. ის იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი”, – აცხადებს ბენსუდა, რომლის ქართულ თარგმანსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.