განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან

18/06/2018

„უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას. ჩვენს მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს. ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების სახელების და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა და ყველას მოუწოდა, დაელოდონ აღნიშნულ ინფორმაციას. რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანების საკითხს, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ცვლილებები 6 სამინისტროს შეეხება.

მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას,მისი თქმით, უპირველესად ეს გულისხმობს ეკონომიკაში ხარჯების წილს.

„მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. ეს არის კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მას მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს საორიენტაციოდ ხარჯები ამ მიმართულებით გვექნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2 – 4,3 %. მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს 3, 9 %-ს. თანხაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში საშუალება მოგვეცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა – 100-120 მილიონი ლარის ფარგლებში მივმართოთ სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე. მე მინდა ხაზი გავუსვა, რადგან გარკვეულწილად არის არასწორი სტერეოტიპი დანერგილი, რომ მცირე ზომის მთავრობა აუცილებლად ნიშნავს მხოლოდ მცირე რაოდენობის სამინისტროებს. ეს უპირველესად ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს. შესაბამისად, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ამას დავაფიქსირებთ, თუ რა უნდა იყოს ზედა ზღვარი, რომელიც იქნება ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული და გამოთავისუფლებული თანხები რა მიმართულებებით დაიხარჯება. ეს ჩვენი შეხედულებით, პირველ რგიში უნდა მოიცავდეს სოციალურ მიმართულებებს“, – განაცხადა ბახტაძემ.

როგორც ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც სამთავრობო ცვლილებების ნაწილია, მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება და შესაბამისად, არსებული სამთავრობო შემადგენლობით დამტკიცდება მთავრობა იქამდე, სანამ სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს.

„ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება სამწუხაროდ, კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როდესაც ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვსდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. ხოლო დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება ცვლილებები, ეს პროცედურა პარლამენტში – განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში, სესიაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დროის დაზოგვის მიზნით, მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში გავიაროთ, ხოლო სამთავრობო პროგრამისა და მინისტრთა კაბინეტის დეტალური განხილვა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოვახდინოთ, როდესაც პარლამენტის წინაშე წარსდგებიან უშუალოდ ის მინისტრობის კანდიდატურები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე. იმედი მაქვს, პარლამენტში ამ საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება შედგება“, – განაცხადა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0