განახლებული ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის გახსნას დავით სერგეენკო დაესწრო

30/09/2017

მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, განახლებული ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. ახალ განყოფილებაში ონკო-ჰემატოლოგიურ სერვისებთან ერთად, სოლიდური სიმსივნეების მქონე პედიატრიული პაციენტების მკურნალობა იქნება შესაძლებელი. რეკონსტრუქციის შემდეგ, მ. იაშვილს სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი 44 საწოლზე მოეყწო და უახლესი თაობის აპარატურით აღიჭურვა. განახლებული სამედიცინო ინვენტარის საშუალებით, ბავშვთა ასაკის ლეიკემიებისა და ლიმფომების დიაგნოსტირება მაქსიმალური სიზუსტით მოხდება. ახალგახსნილი განყოფილებაში სპეციალურად ბავშვებისთვის სათამაშო და სასწავლო ოთახები მოეწყო, ასევე გაკეთდა გასართობი სივრცე. განახლებულ დეპარტამენტში ამ დროისთვის მკურნალობას 26 პაციენტი გადის. კლინიკაში ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი 1994 წელს საქართველო-გერმანიის მთავრობებს შორის, მოლაპარაკების საფუძველზე შეიქმნა. 20 წლის განმავლობაში სიცოცხლე მწვავე ლეიკემიით და ლიმფომით დაავადებულ 1000-მდე ბავშვს შეუნარჩუნდა. განახლებული დეპარტამენტი სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გააუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0