განახლებული მე-18 ბიბილიოთეკა მკითხველს დღეიდან უმასპინძლებს

05/10/2023

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გლდანის რაიონში, „მულტიფუნქციური ბიბილიოთეკების გაერთიანების“ აკაკი ბაქრაძის სახელობის მე-18 ბიბლიოთეკის ახლად რეაბილიტირებული შენობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან და გაერთიანების ხელმძღვანელთან, ნინია მაჭარაშვილთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს დედაქალაქში კიდევ 7 ბიბლიოთეკა განახლდება.

„ზოგადად, ქალაქში ბიბლიოთეკების მიმართულებით გვქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა და დავიწყეთ ბიბლიოთეკების განახლების პროექტი. მომავალი წლის ბოლოსთვის კიდევ შვიდი გარემონტებული, განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული ბიბლიოთეკა შეემატება დედაქალაქს. რამდენიმე თვეში დასრულდება დიღმის მასივში, რობაქიძის პროსპექტზე მდებარე ბიბლიოთეკაში დასრულდება სარემონტო სამუშაოები. ხედავთ, როგორი გარემოა შექმნილი, იმისთვის, რომ ყველა თაობის ადამიანმა ისარგებლოს. მთლიანად განახლდა წიგნადი ფონდი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ყველა ბიბლიოთეკა იქნება განახლებული და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

განახლებული ბიბლიოთეკა ასევე დაათვალიერეს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესო კალაძემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ და დედაქალაქის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ. ბიბლიოთეკის შენობა კაპიტალურად შეკეთდა, შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც უფრო გახსნილ და მაქსიმალურად მოსახერხებელ სივრცედ იქცა. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და წიგნადი ფონდი. კლასიკურ, თანამედროვე და საბავშვო ფონდებს დაემატა უახლესი წიგნები, ასევე გადახალისდა ჟურნალ-გაზეთების განყოფილება. ფილიალს დაემატა თანამედროვე საერთო სამუშაო სივრცე, სადაც განთავსებულია სტაციონარული კომპიუტერები, ასევე, ცალკეა სივრცე პირადი ლეპტოპებით მოსარგებლეთათვის.
ბიბლიოთეკა სრულადაა აღჭურვილი, რათა უმასპინძლოს წიგნის წარდგენებსა და სხვადასხვა სახის სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს. 16 ოქტომბრიდან აქ უკვე დაგეგმილია კითხვისა და შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელი კურსი, რომელიც განკუთვნილია 10-12 წლის მოზარდებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან როგორც წაკითხულზე მსჯელობის, ისე მხატვრული წერის სპეციფიკას. ფილიალი იმუშავებს ყოველდღე, ოფიციალური დასვენების დღეების გარდა. განახლებული ბიბილიოთეკის პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ზაზა იაშვილი და სოფო მაჭავარიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0