განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მოხსენება – „ქართული ენის სტატუსის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში“ მოისმინა

10/04/2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა მანანა თანდაშვილმა მოხსენება თემაზე – „ქართული ენის სტატუსის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში“ წარადგინა. მანანა თანდაშვილმა საერთაშორისო დონეზე ქართულ ენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ არსებობს ქართული ენის ციფრული ბაზები, როგორიცაა: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართულენოვანი ციფრული რესურსები. მანანა თანდაშვილის განცხადებით, ქართული ენის საერთაშორისო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ქართული ენის ფართოდ დანერგვა საზოგადოების სოციალური საჭიროების სხვადასხვა სფეროში. ასევე ევროპაში ქართული ენის სწავლისა და სწავლების საერთაშორისო ცენტრების გაძლიერება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საერთაშორისო დონეზე ქართული ენის პრესტიჟის დასაცავად აუცილებელია კომპლექსური და სტაბილური აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება როგორც სამეცნიერო საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მხრიდან.

„საქართველოს ევროინტეგრაციის ეფექტური განხორციელება, გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისა, სამეცნიერო ინტეგრაციასაც მოიცავს, რაც გულისხმობს ევროკავშირის მიერ შემუშავებული ღირებულებების აღიარებას მეცნიერებაში. უპირველეს ყოვლისა, „ღია მეცნიერების“ (open science) პრინციპების დანერგვას და სახელმწიფო ენის საერთაშორისო სტატუსის ამაღლებას – ქართული ენის სრულფასოვან და შეუფერხებელ ფუნქციონირებას საერთაშორისო საკომუნიკაციო სივრცეში“, – განაცხადა მანანა თანდაშვილმა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია ევროპაში ქართული ენის სწავლების გაძლიერება.

„ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ენის განსაკუთრებული როლის წარმოჩენა და მისი პოპულარიზება თითოეული ჩვენგანის ვალია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0