განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება დაარეგულირებს საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხს. მისი თქმით, მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი სახელფასო პოლიტიკა 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. ვინაიდან, საშვებულებო ანაზღაურება მიბმულია ხელფასის ოდენობაზე, კანონში ცვლილება აუცილებელია, იმისთვის, რომ მასწავლებლებს საშვებულებო ანაზღაურებაც ხელფასის პროპორციულად გაეზარდოთ. ასევე, ცვლილებების თანახმად, დირექტორის მოადგილის შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექნება უფლებამოსილება, მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს, დირექტორის მოვალეობის შესრულება. ნოდარ პაპუკაშვილის ინფორმაციით, ცვლილებები შედის ასევე, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში.
„კანონში ცვლილება ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დანამატის მიცემას, რომელიც სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება 150 ლარის ოდენობით, ხოლო არასრული დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
სხდომაზე, ასევე პირველი მოსმენით განიხილეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებათა პაკეტი. ნოდარ პაპუკაშვილის თქმით, ცვლილებებით, შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება. მისივე თქმით, არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა. მინისტრის მოადგილის თქმით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებიდან ამოღებული იქნება „სასწავლო უნივერსიტეტის“ ცნება და მოიხსნება უნივერსიტეტის მიერ დოქტორანტურის საფეხურის განხორციელების შეზღუდვა. ამასთან, ახლებურად დარეგულირდება ელექტრონული სწავლების საკითხი.