განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი დაინიშნა

20/03/2023

დღეს წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, მას აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და ძალიან წარმატებული ადამიანია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა გუნდის სახელით განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო, 4 წელი ემსახურა ქვეყანას და ახალგაზრდა თაობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი და თავისი სურვილით უბრუნდება აკადემიურ საქმიანობას.

„მე მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს. მანამდე მინდა გითხრათ, რომ მე უკვე შევხვდი ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მან საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მიხეილი წარმატებული მინისტრი იყო, იგი 4 წელი ემსახურა ჩვენს მთავრობას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ახალგაზრდა თაობას. მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ძალიან ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. ბატონი მიხეილის გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ დაუბრუნდეს თავის აკადემიურ საქმიანობას. კერძოდ, ბატონი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს თავის საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უცხოელ მრჩეველთა ბორდის თავმჯდომარედ. მე მინდა ჩვენი გუნდის სახელით, პირადად ჩემი და მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ მიხეილ ჩხენკელს გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში. რაც შეეხება ჩვენს ახალ მინისტრს – ბატონი გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მე მინდა გითხრათ, რომ მას აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება მიღებული, იგი სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდგომ გერმანიაში. გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა თავის სადისერტაციო ნაშრომზე. მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ გიორგის აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, იგი გახლავთ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთი მართლა ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შექმნას ახალგაზრდა, მოტივირებულმა ადამიანმა ძალიან თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი, სწორედ ასეთი უნივერსიტეტის შემქმნელი გახლავთ ბატონი გიორგი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე ბატონი გიორგი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს. მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. ბატონი გიორგი წლებია ჩართულია განათლების სფეროში, იგი ძალიან კარგად იცნობს ზოგადად განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში და მე მჯერა, ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი გიორგი იქნება წარმატებული განათლების და მეცნიერების მინისტრი. მას აქვს ძალიან კარგი ხედვა, ჩვენ ბევრი გვისაუბრია ბოლო ორი წლის განმავლობაში განათლების საკითხებზე, მან იცის ძალიან კარგად, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და მე ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი იქნება წარმატებული მინისტრი. ბოლოს ვიტყვი, რომ ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები, დარგის მენეჯერები. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან ბევრი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული, მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე, იგი პარალელურად მუშაობდა თავის აკადემიურ საქმიანობაზე, ასე რომ, მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება გიორგი ამილახვარს და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ყოფილ მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ამილახვარმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრს საკუთარ ხედვას და სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

„პირველ რიგში მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო გამოცხადებული ნდობისთვის თქვენ და მთლიანად ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, იქ სადაც მუშაობს და დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც ჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა. ამიტომ ჩვენ და მე პირადად დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან – ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს, ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამით და საგანმანათლებლო რესურსებით, ამიტომ ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ. ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის. აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ ამ პროცესში განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის. აუცილებლად აქტიურად მხარს დავუჭერთ უმაღლეს განათლებაში და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას, ჩვენს ევროპელ და დასავლელ უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში. პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის. მიღწეულმა შედეგებმა გასული წლების განმავლობაში უკვე მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ აქტიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად, მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და პირდაპირ ინვესტიციას განათლებაში. და ბოლოს, ამ და ყველა სხვა დანარჩენ საკითხებზე, რომელიც უამრავია, უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრს ჩვენ წარვუდგენთ ჩვენს ხედვას და გეგმას და ერთობლივად, უკვე უახლოეს მომავალში საზოგადოებას საჯაროდ გავაცნობთ იმ კონკრეტულ დროში გაწერილ გეგმას, რომელიც ამ და სხვა საკითხებს შეეხება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და ბატონ პრემიერს”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0