პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კოლეჯ “აისი”-ს ლაგოდეხის ფილიალში გასვლითი სხდომა გამართა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის – „საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება“ ანგარიში წარადგინა. გივი მიქანაძემ მოკვლევის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებზე, მოკვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა.
“საქართველოს მთავრობამ 2024 წლის გადამუშავებულ სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნა ცალკე საბიუჯეტო ქვეპროგრამა რეგიონებში სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდასაჭერად, რომლის დაფინანსება 2 მილიონ ლარს შეადგენს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ანგარიში მიმდინარე კვირაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეგზავნება. სხდომაზე ასევე მოისმინეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ანგარიში, რომელიც ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა წარადგინა. მომხსენებელმა ფონდის ხედვაზე და მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ფონდის მიერ 2023 წელს 21 საგრანტო კონკურსი გამოცხადდა და დაფინანსდა 497 პროექტი. თეიმურაზ დოჭვირმა ყურადღება ფონდის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
კომიტეტის სხდომას, კომიტეტის წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ივანე ხაჩიძე.