განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. 2023 წლის სამოქმედო გეგმა კოლეგებს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა გააცნო. მან ყურადღება სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა, რა მიმართულებითაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აპირებს მუშაობას. მისი თქმით, კომიტეტი გეგმავს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას. ამ მიზნით, კომიტეტი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებს გარკვეული პერიოდებით მოიწვევს და მათ ანგარიშებს მოისმენს. ასევე, კომიტეტი 2022 წელს ჩატარებული თემატური მოკვლევების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულებას აქტიურ მონიტორინგს გაუწევს. გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2023 წელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ორ ახალი თემატურ მოკვლევას გეგმავს უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2023 წელს განათლების კოდექსზე მუშაობას დაიწყებს.
„ჩვენი მიზანია, მეათე მოწვევის პარლამენტში შეიქმნას განათლების კოდექსი. დავიწყებთ საჯარო განხილვებს ოპოზიციასთან, აკადემიურ წრეებთან, ყველა ბენეფიციართან, ვისაც კი ეს შეეხება, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ექსპერტებთან და მათი უკუკავშირის შემდეგ მოხდება კოდექსის დაინიცირება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.