განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
„პროფესიული უნარების სააგენტომ, როგორც სისტემის ახალმა ორგანიზაციამ, აქტიური საქმიანობა 2022 წლიდან დაიწყო. სააგენტოს შექმნის მთავარი იდეა უკავშირდება პროფესიულ განათლებაში დარგობრივი პოლიტიკის განვითარებასა და ამ მიზნით კერძო სექტორისა და დარგობრივი ორგანიზაციების რესურსების კონსოლიდაციას“, – განაცხადა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა.
მან კომიტეტის წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც 2022 წლის საქმიანობის შედეგების შეჯამებას და მიმდინარე წლის გეგმებს მოიცავს. მომხსენებელმა ისაუბრა კვლევაზე – განვითარების შეფასების ანგარიშზე და კომიტეტის წევრებს გააცნო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც მოქალაქეთა პროფესიული უნარების მიხედვით დასაქმებას უკავშირდება. მანვე ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოების და დამსაქმებელთა დამოკიდებულებაზე, დასაქმების ბაზარზე უნარებისა და კომპეტენტურობის შეუსაბამობაზე, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საჭიროა პროფესიების მეტი პოპულარიზაცია და მიზნობრივი კამპანია, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა, ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა და დარგობრივი უნარების დანერგვა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, კომიტეტი საშემოდგომო სესიაზე პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირების თაობაზე და დაფინანსების მოდელის განსაზღვრაზე თემატური მოკვლევის ჩატარებას გეგმავს. ასევე გამართავს საკომიტეტო მოსმენებს პროფესიული მიმართულებით მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კერძო სექტორის ჩართულობაზე პროფესიულ განათლებაში.