ქედის მუნიციპალიტეტში განვითარებულმა სტიქიამ ძირითადად მდინარე აკავრეთას ხეობა დააზიანა. მერისისა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში, კერძო თუ სახელმწიფო ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზარალი ერთობლივად მილიონობით ლარს შეადგენს. სტიქიის ზონებს ადგილობრივი თვითმმართველობა აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტთან ერთად სწავლობს. დავით დუმბაძემ სტიქიის კერა ამჯერად სოფელ ნამონასტრევში მოინახულა, სადაც გურამ თურმანიძის ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარემ წაიღო როგორც საცალფეხო, ასევე საავტომობილო ხიდები, კალაპოტის შეცვლის შედეგად დაზიანდა ოჯახთან მისასვლელი გზა, რომელიც ასევე 4 სოფლის მაცხოვრებლების იალაღებსა და სავარგულებს უკავშირდებოდა. ქედის გამგებელმა მოადგილესთან გურამ ბერიძესთან ერთად გაესაუბრა სოფლის მაცხოვრებლებსა და გურამ თურმანიძის ოჯახის წევრებს და მათგან ალტერნატიული ღონისძიებების გასატარებლად აზრი მოისმინა. სტიქიის კერა სპეციალისტების მიერ უკვე შესწავლილია. კონკრეტული ციფრი თუ რა რაოდენობის ზარალი მიადგა ქედის თვითმმართველობას უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
გამგებელმა სოფელ ნამონასტრევში სტიქიის ზონა მოინახულა
03/07/2016