გამგებელი წარმატებულ საქართველოს ჰოკეის ნაკრების ბაკურიანელ მოთამაშეებს შეხვდა

21/04/2016

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრების ბაკურიანელ მოთამაშეებთან შეხვედრა გამართა. გამგებელმა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სპორტსმენებს თურქეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში წარმატებით ასპარეზობა მიულოცეს.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით, საქართველოს ნაკრების შვიდივე ბაკურიანელ მოთამაშეს მუნიციპალიტეტისაგან საჩუქრად 500-500 ლარი პირად ანგარიშებზე ჩაერიცხებათ.
„ეს ბიჭები ნამდვილად წარმატებული სპორტსმენები არიან, თავიანთი მონდომებით, მჯერა, ისინი ბევრს მიაღწევენ. ჩვენი მიზანია, როგორც შეგვიძლია, წავახალისოთ ისინი, მომავალშიც მზად ვართ გვერდში დავუდგეთ მათ“ – აღნიშნა გამგებელმა.
სპორტსმენებმა ადგილობრივ ხელისუფლებას გამოჩენილი ყურადღებისათვის და წლის დასაწყისში ინვენტარის შეძენისათვის, მადლობა გადაუხადეს, და აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტის თანადგომას ისინი ყოველთვის გრძნობენ.
შეგახსნებთ, რომ აპრილის თვეში სტამბულში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა, რომელშიც ბაკურიანის „მიმინოს“ 7 წევრი თამაშობს 5 ჩატარებული შეხვედრიდან 4 მოიგო და მე-2 ადგილი დაისაკუთრა.
დღეს ნაკრები აქტიურად ემზადება 2017 წლის მე-3 დივიზიონში მონაწილეობისათვის, სადაც მთელი შემართებით იბრძოლეს მე-2 დივიზიონში გადასასვლელად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0