ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის – „აფხაზეთის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრეს. გამგებელი ცენტრის წარმომადგენლებს, ხობის მუნიციპალიტეტში პროგრამის განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას დაპირდა.
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა “აფხაზეთმა” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები, დაბრუნებული მიგრანტები, სხვადასხვა სახის მომსახურებას მიიღებენ.
პროგრამის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდაჭერას.
პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფა, რაც მათ გრძელვადიან და მდგად რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:
საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, (საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) რომელიც:
-საზღვარგარეთ იმყოფება ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდა განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდა ჰუმანიტარული სტატუსით.
– საქართველოში დაბრუნებიდან არ არის გასული 1 წელი.
პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლია პირს, თუ იგი:
-საზღვარგარეთ იმყოფებოდა ლეგალურად სასწავლო პროგრამით ან სამუშაო კონტრაქტით:
-არის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) „ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის (AVRR)”ან სხვა სარეინტეგრაციო პროგრამის მონაწილე.
2016 წელს პროგრამით გათვალისწინებულია დაბრუნებულ მიგრანტთათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:
– აეროპორტში დახვედრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის;
– სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა (მწვავე, ქრონიკული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირთათვის); ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
– სოციალური პროექტების დაფინანსება შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით;
– ხელსაწყოების შეძენა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599 85 60 98; 577 68 47 16; 597 73 52 13.