გაზის ტარიფის ცვლილების გამო პურზე ფასი არ გაიზრდება

05/12/2023

„შეგვიძლია მკაფიოდ ვუთხრათ მოსახლეობას, რომ კომერციული გაზის ტარიფის ცვლილების გამო პურზე ფასი არ გაიზრდება, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის ინფლაციის მონაცემები და ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც ფასები შემცირდა, სასურსათო პროდუქტებია. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, გაზის კომერციულ ნაწილში ხდება ფასის ცვლილება, 4 თეთრიანი კომერციული ტარიფის მატება, რაც კომპანიამ დაანონსა. ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი – ეს არის კომერციული სექტორი, რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასებზე.

„ეს ცვლილება არ ეხება პირდაპირ მოსახლეობას, ამას აქვს ირიბი ასახვა ინფლაციაზე. გაზის ფასი იცვლება ხოლმე. წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შემცირება, უფრო მეტი შემცირება, ვიდრე ახლა არის ზრდა მოსალოდნელი იანვრის თვის დასაწყისიდან. ასე, რომ, შემცირების ეფექტი უკვე იყო ასახული ეკონომიკაზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფასის ზრდა არ ეხება პურის სექტორს.

“არის შეთანხმება, რომ პურის მცხობელ მსხვილ კომპანიებს განსაკუთრებული პირობები აქვთ, ანუ არც სხვა წინაპირობები გვაქვს პურის ფასის გაზრდის, მათ შორის, არც გაზის ფასიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე შევაფასეთ ინფლაციაზე ეფექტი და ესეც უმნიშვნელოა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0