გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს

05/04/2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლეს. შეხვედრისას პირველმა პირებმა ელჩს შიდა ქართლის რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. ასევე, ელჩი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დაგეგმილი პროექტებითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, კელი დეგნანი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებითაც დაინტერესდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ამერიკის საელჩოსა და ამერიკის მთავრობას ყველა იმ განხორციელებული პროექტისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში ახორციელებს. მოგვიანებით, ამერიკის ელჩი გორში მდებარე ამერიკის კუთხეს ესტუმრა და პედაგოგებსა და ახალგაზრდებს შეხვდა. კელი დეგნანი განათლების პროგრამებით დაინტერესდა და ახალგაზრდებისგან პირადად მოისმინა მათი იდეები და წინადადებები. შეხვედრის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0