გადაწყვეტილების მიღების დროს – იქნება ეს პოლიტიკის დოკუმენტი, თუ კანონმდებლობა, აუცილებელია უმაღლეს სასწავლებლებთან კონსულტაცია

17/06/2021

„ყველაზე მეტად პულსზე ხელი გიჭირავთ თქვენ – უნივერსიტეტებს, უმაღლეს სასწავლებლებს, ყოველდღიურად გესმით გამოწვევების და ახალი შესაძლებლობების შესახებ – ეს უნდა ისმოდეს ჩვენთან, რათა პარლამენტმა შეძლოს გაანალიზება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილების მიღება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კახა კუჭავამ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უმაღლესი სასწავლებლების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკის დოკუმენტსა თუ კანონმდებლობაზე მუშაობის დროს, აუცილებელია მათთან კონსულტაცია.

„იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობით მომზადდება ისეთი დოკუმენტები, რომლებიც განმსაზღვრელი იქნება განათლების სისტემის განვითარებისთვის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კახა კუჭავამ პარლამენტის დღის წესრიგსა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის მშენებლობასა და განვითარებაში განხორციელებული უპრეცედენტო ინვესტიციისთვის ფონდ „ქართუს” მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0