გააკეთეთ მაქსიმალურად ყველაფერი, რათა შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონის განმავლობაში – ამგვარი დავალება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ. მისი განმარტებით, ქვეყანაში ტურისტების მოზიდვა პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების შემოსავლებზე, ქვეყნის ეკონომიკაზე, ამიტომ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უამინდობის გამო არ შეიქმნას გზებზე გადაადგილების პრობლემა ან სხვა სახის სირთულე.
„ჩვენ ზამთრის ტურისტული სეზონის ახალ ფაზაში შევდივართ – უახლოეს დღეებში იხსნება ახალი საბაგირო გუდაურში, მიტარბის ახალი საბაგირო, ასევე ახალი საბაგირო თეთნულდზე. მინდა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრს დავავალო – რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მაგრამ ზამთრის სეზონზე არის ხოლმე ხშირი შეფერხებები უამინდობის გამო. მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რათა არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ უცხოელ ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თითოეული დამსვენებელი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი, აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით მთაში მაცხოვრებელი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე და არა მხოლოდ. ეს არის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ მთის განვითარებაზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გააკეთეთ მაქსიმალურად ყველაფერი, რათა შეფერხებები არ იყოს
22/12/2016