ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერის პროექტი თიანეთში

06/05/2016

არასამთავრობო ორგანიზაციების („OXFAM“, „BRIGE ინოვაცია და განვითარება”) წარმომადგენლებმა, „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართეს საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი ჯგუფებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობადობის ამაღლება ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების შესახებ და ბუნებრივი კატასტროფების შედეგების მართვის დღესდღეობით არსებული მოდელების დანერგვა.
პროექტის ფარგლებში, თემების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს მუშაობა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან და ადგილობრივ სამთავრობო უწყებებთან სამიტიგაციო პროექტების, კატასტროფების რისკის შემცირების, რესურსცენტრების, კატასტროფებისადმი მზადყოფნის, ადრეული შეტყობინების სისტემის, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგავსა და გაძლიერებაზე.
თიანეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება სამიზნე ჯგუფის შერჩევა, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ მოხდება შერჩეული ჯგუფის დატრენინგება და შესაბამისი აღჭურვილობითა და უნიფორმებით მომარაგება. მუნიციპალურ დონეზე დაგეგმილია რესურსცენტრის, ეკო და ახალგაზრდული კლუბების შექმნა, სადაც ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ გაიღრმაონ ცოდნა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, კლიმატურ ცვლილებასთან ადაპტაციის, წყლისა და ნარჩენების მართვის შესახებ. პროექტის ფარგლებში მოხდება სკოლების საევაკუაციო გეგმის განახლება – გაცნობა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის და საცდელი წვრთნების ჩატარება.
„ბუნებრივი კატასტროფებისა და რისკის შემცირების მხარდაჭერის პროექტი“ 2016 წლის 1-ელ აპრილს დაიწყო და 2017 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან შერჩეულია ორი მუნიციპალიტეტი, კერძოდ, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0