ბუნებრივია, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნები ბოლომდე იქნას წარმართული ისეთ მშვიდ ვითარებაში

14/05/2019

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, რეგლამენტის თანახმად, დეპუტატთა რეგისტრაციის და პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის წევრების განცხადებებს დაეთმო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, გამოეხმაურა შუალედურ არჩევნებს, რომელიც კვირას, 19 მაისს იმართება. მისი განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცესკო და შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობენ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმისთვის, რომ არჩევნების პერიოდში იყოს უზრუნველყოფილი წესრიგი და შესაბამისი საარჩევნო პროცედურები სათანადოდ იყოს დაცული.

„მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნებია, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნები, იმიტომ, რომ ბევრ საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. როგორც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, თბილისში ტარდება საპარლამენტო, მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები, ხოლო ბევრ საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს თვითმმართველობის ერთეულების არჩევნები. ძირითადად, წინასაარჩევნო გარემო მიმდინარეობს განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე, მშვიდ ვითარებაში, რაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია არჩევნებისთვის და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება მომართულია და მობილიზებულია იმისთვის, რომ ასევე დასრულდეს ეს არჩევნები კვირა დღის ჩათვლით. არჩევნები უნდა წარიმართოს მშვიდ, სამართლიან გარემოში. ამისთვის მომართულია როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყებები. ცესკო და შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობენ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმისთვის, რომ არჩევნების პერიოდში იყოს უზრუნველყოფილი წესრიგი და შესაბამისი საარჩევნო პროცედურები სათანადოდ იყოს დაცული. საკმაოდ მრავლად აკვირდებიან დამკვირვებელი ორგანიზაციები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ არჩევნებს და მე ვფიქრობ, იქნება სწორი და ობიექტური შეფასება მიმდინარე პროცესების და მოვლენების“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, დეზინფორმაციული ელემენტების შეტანა საარჩევნო პროცესში, რისი შემთხვევებიც უკვე იყო, აზიანებს საარჩევნო გარემოს. თამარ ჩუგოშვილმა ყველა საარჩევნო სუბიექტს მსგავსი მეთოდებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცემა.

„ბუნებრივია, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნები ბოლომდე იქნას წარმართული ისეთ მშვიდ ვითარებაში, და კიდევ უფრო მეტად, როგორც დღემდე მოვედით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ ის, რომ სამწუხაროდ იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც დეზინფორმაციული ელემენტები იქნა შეტანილი საარჩევნო პროცესში. ასეთი ელემენტები საარჩევნო გარემოს საკმაოდ აფუჭებს, ქმნის გარკვეულ ტოქსიკურ გარემოს და შესაბამისად, მინდა მოვუწოდო ყველა სუბიექტს, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობს, რომ ასეთი მეთოდებისგან თავის შეკავებით გავაგრძელოთ მუშაობა, არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენს ამომრჩევლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ ამ პროცესში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იმ ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, სადაც შუალედური არჩევნებია დანიშნული, საარჩევნო აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მოვუწოდო ჩვენს ამომრჩევლებს, რომლებიც ცხოვრობენ და რეგისტრირებული არიან იმ ოლქებში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, რომ აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თითოეული ამომრჩევლის ხმა არის ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი და თითოეული ხმა ამომრჩევლის შეიძლება იყოს გადამწყვეტი საარჩევნო პროცესში. შესაბამისად, ყველა მოქალაქის მონაწილეობა, ვისაც ბუნებრივია ეს ეხება, ამ არჩევნებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვთხოვო მათ, რომ კვირას წავიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ნება,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატს კვირას, 19 მაისს გამართულ არჩევნებში ღირსეული გამარჯვება უსურვა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა.

მარიამ ჯაშის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები: სთავაზობს უფრო ღირსეულ ანაზღაურებას კვალიფიციურ პედაგოგებს; სტიმულს მისცემს არასერტიფიცირებულ პედაგოგებს, გაიარონ სერტიფიცირება, დაადასტურონ კომპეტენციები და, შესაბამისად, მიიღონ უფრო მაღალი ანაზღაურება; საპენსიო ასაკის მასწავლებლებს სთავაზობს, საკუთარი არჩევანის საფუძველზე, ღირსეული გაცილების შესაძლებლობას 2 წლის ხელფასის წინასწარი ანაზღაურებით და პედაგოგის სამედიცინო დაზღვევის შენარჩუნებით; ხელს შეუწყობს სკოლის სისტემაში ახალგაზრდა კადრების მობილიზაციას და შესთავაზებს უფრო მეტ საათობრივ დატვირთვას სისტემაში მომუშავე პედაგოგებს.

„განათლების სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებებია დაწყებული. განათლება გახდა სამთავრობო გუნდის ნომერ პირველი პრიორიტეტი. რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლავთ ჩვენი პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა. სკოლებში ხელფასების ზრდა ყოველწლიურადაა დაგეგმილი, ხოლო 202-2022 წლისთვის მინიმალური ხელფასი 1500 ლარი იქნება. პირველი ცვლილება გულისხმობს 2019 წლის სექტემბრიდან ყველა სერტიფიცირებული პედაგოგისთვის ყოველთვიური ხელფასის სულ მცირე 150-ლარიან ზრდას. აღნიშნული ზრდა კომპეტენციების შესაბამისად შეეხება 23 000 მასწავლებელს. არასერტიფიცირებულ მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ პროფესიული მოღვაწეობა სისტემაში. მათ 2019 წლის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობა, რომ არაერთჯერადად დაადასტურონ კომპეტენციები და შესაბამისად მიიღონ ანაზღაურება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის. მათ ეძლევათ 2 არჩევანი: განაგრძონ პროფესიული საქმიანობა განათლების სისტემაში, გაიარონ სერტიფიცირება და შესაბამისად მიიღონ დამატებითი ანაზღაურება. ამასთანავე, ჩვენს დამსახურებულ პედაგოგებს უპრეცედენტო შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი არჩევანის საფუძველზე, ერთჯერადად, 2 წლის ხელფასის ანაზღაურება წინასწარ მიიღონ. მათ სიცოცხლის მანძილზე შეუნარჩუნდებათ პედაგოგებისთვის განსაზღვრული სამედიცინო დაზღვევა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე ინფორმაციით, სკოლებში იგეგმება როგორც სკოლის დირექტორების, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის და ტექნიკური კადრების ანაზღაურების ზრდა.

„ყველა სკოლაში ვიზიტის დროს, მასწავლებელთა პროფკავშირებთან შეხვედრისას გამოიკვეთა ეს პრობლემა და ეს საკითხიც უახლოეს პერიოდში მოგვარდება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან თითოეულ პედაგოგს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თავისი გამოსვლა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველად განხორციელებული თემატური მოკვლევის საკითხს დაუთმო, რომელიც თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესწავლას დაეთმო.

„ჩვენი სურვილია, რომ სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი ანგარიში წარმოგიდგინოთ პლენარულ სხდომაზე, რათა ფართო განხილვა მოხდეს ყველა იმ მიგნებების და რაც მთავარია რეკომენდაციების, რომლებიც ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა გამოიტანა. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გავიარეთ. დიდი მადლობა მსურს გადავუხადო გაეროს განვითარების ფონდს, შვედეთის მთავრობას და ვესტმინსტერის ფონდს დემოკრატიისთვის (WFD), რომელთა დახმარების და მხარდაჭერის გარეშე რთული იქნებოდა მართლაც ამ საინტერესო პროცესის ასე წარმატებით დასრულება. ასევე მადლობა მსურს გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, სახელმწიფო უწყებასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი ინფორმაციით, ჯგუფმა 40-მდე რეკომენდაცია შეიმუშავა, რომელიც 12 სხვადსხვა სახელმწიფო უწყებაზე არის განსაზღვრული და მოიცავს რეკომენდაციების შესრულებისთვის განსაზღვრულ კონკრეტულ ვადებს, კონკრეტულ პასუხისმგებელ უწყებებს. მისი თქმით, ახლა კიდევ უფრო საინტერესო პროცესი იწყება, როდესაც კომიტეტის სხდომაზე მოეთხოვება აღნიშნულ უწყებებს პასუხები რეკომენდაციების შესრულების კუთხით.

„ჩვენი იმ მიზნის განხორციელებას, რომ გაგვეძლიერებინა პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქცია, განსაკუთრებული ეფექტიანობით შევძლებთ მას შემდეგ, რაც ყველა ერთად მივადევნებთ თვალყურს, თუ რამდენად ზედმიწევნით და ჯეროვნად ხორციელდება ის რეკომენდაციები, რომლებიც სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, როდესაც ეს რეკომენდაციები შესრულდება, ნამდვილად მივიღებთ რეალურ სხვაობას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში, ღია ფორმატში ხვალინდელ მოსმენას გამოეხმაურა და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით, უზრუნველყონ ამ ღონისძიების გამართვა.
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება თბილისში, გარე რეკლამის საკითხებს დაეთმო. იგი პარლამენტში კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნოდარ ხადურს იწვევს, ვინაიდან, მისი განცხადებით, დედაქალაქში გარე რეკლამა 20-წლიანი მონოპოლიით გადაცემულია ჯგუფზე, რომელსაც მერია ლობირებს და ლობისტები ჰყავს პარლამენტში, შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
პრემიერ-მინისტრს, ან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს იწვევს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი. მისი განცხადებით, შეუსაბამობაშია ორი საკითხი, რომელთაგან ერთი უკავშირდება ევროპულ ქვეყნებთან ხელშეკრულებას საქართველოდან სამუშაო ძალის კანონიერ მიგრაციაზე, ხოლო მეორე მნიშვნელოვანი სახსრების ხარჯვას განათლებაზე.
როგორც ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, თავისთავად კანონიერი მიგრაცია ცუდი არაა, მაგრამ იმ ოთხი ერიდან ერთი ჩვენი ერია, რომლის მოსახლეობა მიგრაციის კვალობაზე მნიშვნელოვნად მცირდება. მხოლოდ 2018 წელს 20 ათასმა განაცხადა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის შესახებ. მისივე თქმით, განათლებაში გამოცხადებული რეფორმის მიხედვით, ერთი ხელით თანხებს დავხარჯავთ ახალგაზრდების განათლებაზე და მეორე ხელით ამ განათლებულ კადრებს უცხოეთის ქვეყნების ეკონომიკის აღორძინებისთვის ემიგრაციისთვის ვიმეტებთ.

„ეს კვალიფიციური კადრები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი უნდა იყოს. რამდენად თავსებადია ეს ორი ტენდენცია. ეს არაა სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. პრემიერ-მინისტრი ან განათლების მინისტრი მობრძანდეს პარლამენტში და განმარტებები გაგიკეთოს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის რამდენიმე წევრმა ჭიათურაში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადეს, რომ ეს მხარე ეკოლოგიური კატასტროფის პირზეა. დავით ჭიჭინაძემ ამ საკითხით დაინტერესება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მოსთხოვა.

„აქ ეკოლოგიურად რთული სიტუაციაა. ბევრი სოფელია, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ გააჩნია. მოსახლეობის მთაში შენარჩუნებისთვის შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიათურის პრობლემებზე ასევე ისაუბრა ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სერგი კაპანაძემ და განაცხადა, რომ აუცილებლად მოკვლევის ჯგუფი უნდა შეიქმნას ჭიათურის საკითხებზე.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, გლობალური დათბობის პროცესი მიდის და ეკოლოგიური საფრთხეებიც იზრდება. მისი თქმით, შესაბამისად, სამინისტრომ ადაპტაციის პროგრამები უნდა შეიმუშაოს ნებისმიერი ორგანოსათვის, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადია ამ ეკოლოგიური კატასტროფებისადმი.
განცხადებების მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო გარემოს დაეთმო. ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობის გამოსვლები წინასაარჩევნო ვითარების და მათ შორის, მმართველი პარტიის კრიტიკას დაეთმო. კრიტიკული იყო ოპოზიციის გამოსვლები პანკისში განვითარებული მოვლენების გამო. ისინი ასევე გამოეხმაურნენ თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხსაც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა, რომ არსებობს კანონი და ეს ყველამ უნდა იცოდეს და აქედან გამომდინარე უნდა გააკეთოს ყველამ დასკვნები.

„როცა იმ უბედურ შემთხვევას ვიხსენებთ, გავიხსენოთ აუცილებლად რა უძღოდა მას წინ – ამას უძღოდა თბილისის ცენტრალურ უბანში ძალიან დიდი და მრავალსაათიანი ომი და შეწირული სწორედ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც იყო ტერორიზმის მსხვერპლი“, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

19 მაისს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით კი ალექსანდრე ქანთარიამ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდად, კანონის სრული დაცვით ჩაივლის.

„ბოლო ხანებში ხშირად ვხედავ გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებებს „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფლანგიდან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაცია გადაიყვანონ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში. ეს არის პრინციპული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, სამეგრელოს მოსახლეობა არ გააცინებს მტერს. ნებისმიერ შემთხვევაში ხალხი გამოიტანს იმ ვერდიქტს, რომელიც ქვეყნისათვის იქნება მისაღები და არა კონკრეტული კლანისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ფინანსურ სექტორში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს ორ წევრს ხვალ ეწურება ვადა და ხელისუფლებას მოუწოდა სამართლიანი კონკურსით შეარჩიონ კანდიდატები.

„ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკის განცხადებით კი, მთავრობა იმის ნაცვლად, რომ ლობისტურ კომპანიებს რეალურ პრობლემებზე საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების გამახვილებას სთხოვდეს, ოპოზიციის დისკრედიტაციას ავალებს. ამის მაგალითად, მან გაიხსენა, რომ 2016 წელს, თითქოს და მთავრობამ ლობისტურ კომპანიებს დაავალა ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევის წინააღმდეგ მუშაობა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ოპოზიციის წევრთა განცხადებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ლობისტების ჩართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოპოზიციამ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების ერთგვარი ტენდენცია დაამკვიდრა.

„საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა იმის თაობაზე, რომ თითქოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა იმაში, რომ პოლიტიკურ ოპონენტს, ამ შემთხვევაში, ბატონ გიგი წერეთელს დაუპირისპირდეს სახელმწიფო. ამაზე მეტი უცოდინარობა მე ვეღარ წარმომიდგენია, ამ სფეროში თუ ადამიანი ჩახედულია, მაგრამ გამომსვლელებს, ამ თემაზე მოსაუბრეებს მე უცოდინარს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. მათ საზოგადოება ჰგონიათ უცოდინარი, რომელიც ვერ მიხვდება რაშია საქმე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, დაპირისპირებული გუნდები ძირითადად არიან სახალხო პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები არიან გაერთიანებული კიდევ ამა თუ იმ მხარეზე, არჩევნები ტარდება. ჩვენ ვართ ერთი ჯგუფის წევრები და სახალხო პარტიას ვუპირისპირდებით ყველა დონეზე, თუ არ ვიტყვით პირიქით, სახალხო პარტიამ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ჩარევები, განცხადებები და შემოჭრები გააკეთა იმ სისტემაში, რასაც ჰქვია სახელმწიფო მართვა ჩვენს პირობებში. ჩვენა ვართ ამავე დროს სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემადგენელი ნაწილი. რა მნიშვნელობა აქვს ვისი გვარია, რა მნიშვნელობა აქვს ვისზე ვლაპარაკობთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება ერთი ჯგუფი არ იყოს მობილიზებული იმისათვის, რომ არჩევნებში თავისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. რა შუაშია აქ ლობისტების ჯგუფი ან რა რესურსი აქვს ლობისტების ჯგუფს, რომ ამ სიტუაციაზე გავლენა მოახდინოს. ყველა კარგად იცნობს ოლივერ სპენსერსაც, რომელიც თუნდაც იმ წერილში გარკვეულ პოზიციას გამოხატავს ადამიანის მიმართ, რომელთა დაპირისპირება წლების განმავლობაში არის ცნობილი და ნათელი. ესეც ძალიან საინტერესოსა, როგორ იქნა ეს წერილი მოპოვებული. არ არის ეს თემა სახუმარო. ტენდენციაა საერთოდ, საკითხებთან დაკავშირებით გქონდეთ არასწორი ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისათვის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველო, არის ევროპული სტანდარტის ქვეყანა და ამას ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაც ადასტურებს, ოპოზიცია შეგნებულად წარმოადგენს ინფორმაციას იმგვარად, თითქოს, ევროპის საბჭოში არის იგნორირება იმ ინტერესისა, რაც სახელმწიფოს აქვს.

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, არის ადამიანი, რომელსაც თვე არ გასულა რომ არ შეხვდეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ახლა კიდევ ჩამოდის საქართველოში. რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, იმ პირობებში, როდესაც საქართველო, (წაიკითხეთ რას წერს ჟან კლოდ იუნკერი), არის ის ევროპული სტანდარტის ქვეყანა, რომელიც არის მისაბაძი, იქნებ ცალკე გასვლა და ცალკე საუბარი, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან არის საჭირო, არ ჩაითვალა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად და დელეგაციას ხვდება. [ოპოზიცია] წარმოგვიდგენენ ინფორმაციას იმგვარად, თითქოს, ევროპის საბჭოში არის იგნორირება იმ ინტერესისა, რაც ჩვენ თურმე გვაქვს. ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით გადახედეთ რა ინფორმაცია ვრცელდება. თითქოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთოდ არ ახსოვთ და რადარებიდან გაქრა. ეს ძველი სიმღერაა, რომელსაც არ ეშვებიან, საქართველო მათთვის და თურმე ჩვენ ვიცით რა დღის წესრიგი აქვს შეხვედრისა პომპეოს და პუტინს. აქედან გამომდინარე, საჯარო არის ბევრი რამე და ბევრი რამე არ არის საჯარო. საჯაროა ისიც, რა გადაწყვეტილებაც მიიღო კონგრესმა საქართველოსთან მიმართებაში და ეს საკითხები უნდა გახსოვდეთ, იცოდეთ და ითვალისწინებდეთ. არ გახსოვთ. ან გახსოვთ და განგებ მიგაქვთ სხვა ინფორმაცია და ეგ უფრო მეტი დანაშაულია კიდევ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„საქართველო ასი პროცენტით ევროპული საქართველო გახდა“ – ეს განცხადება დღეს გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა. განსაკუთრებით მსურს მივაპყრო ქალბატონ სამადაშვილის და ბატონ კანდელაკის ყურადღება ამ განცხადებაზე. ერთის იმიტომ, რომ ჩაატარა ბრიფინგი და მედიას აჩვენა არარსებული დოკუმენტი ელჩების სახელით ისე, რომ მცირე უხერხულობაც კი არ უგრძვნია და დღეს ისევ აგრძელებს ამ ნარატივს. რეალურად თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი არარსებულ განცხადებაზე, რომელიც არ გამოქვეყნებულა და ისაუბრეთ იმაზე, რაზეც ელჩებს რეალურად არ გაუკეთებიათ განცხადების სახით. ასევე ბატონ კანდელაკს, რომელსაც ერთი შეფასებაც კი არ გაუკეთებია მაშინ, როდესაც ბევრ არარსებულ საკითხს ეხმაურება და ევროპას ატყობინებს ხოლმე, ერთი განცხადება და შეფასებაც არ გაუკეთებია ბატონი სააკაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა დასავლეთი შეადარა რუსეთს, დაადანაშაულა საქართველოს მიმართ და რეგიონის მიმართ კოლონიალისტურ ინტერესებში. აი ესაა თქვენი რეალობა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

„მინდა, გამოვეხმაურო 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას მიუნხენიდან. საერთოდ არ იქნებოდა ეს ფაქტი აღნიშვნის ღირსი, რომ არა ერთი გარემოება. ადამიანი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს თავისი პარტიის დაფინანსების და ბილეთების ფულს, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას საქართველოში ტელეხიდებით სთხოვდა თითოლარიანი შემოწირულობების გაკეთებას, სინამდვილეში, რაც ვნახეთ და საზოგადოებამ ნახა, რომ მაიამიში, ფლორიდაში ფეშენებელური ვილის და ოკეანის პირას ახალი სახლის ყიდვით არის დაკავებული. აი, ეს არის ვითომ შეჭირვებული ბატონი სააკაშვილი და მისი ოჯახი, რომლებიც სინამდვილეში, ამ მომენტში, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ეკონომიკასა და სიღარიბის დაძლევაზე, ეს ადამიანი მაიამიში, ფლორიდაში ეძებს ბინას. აი, ეს არის თქვენი სახე და არ შეიძლება ეს უპასუხოდ დაგვეტოვებინა.

ასევე მან განაცხადა, რომ 2012 წელს თითქოს ბიძინა ივანიშვილი გაკოტრებული შემოვიდა პოლიტიკაშიო. ეს არის ტყუილი, უტიფარი ტყუილი. ფორბსის სიას თუ ჩავხედავთ, ბიძინა ივანიშვილის ქონება სწორედ 2012 წელს იყო ყველაზე მაღალი ნიშნულით შეფასებული. აქედან ჩანს როგორი მატყუარები ხართ და შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება.

ასევე, მინდა მედიას პირდაპირ მივმართო: რაც ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილმა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა მელიქიშვილის გამზირი, ჰაიდელბერგ ცემენტი, გალერეა თბილისი, სასათბურე კორპორაციები და სხვა. ღიად გთავაზობთ, მედიას, გავხსნათ პლატფორმები და თითოეულ პროექტზე დეტალურად ვისაუბროთ. ვნახოთ ეს ჩამონათვალი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა გააკეთეს, სინამდვილეში რა არის სიმართლე და რეალობა. ეს ხალხი არ ერიდება რეალობის გადაკეთებას, რეალობის გადაფუთვას და დამახინჯებას და თავისი ცოდვების და დანაშაულების შესახებ სხვას ესაუბრებიან. ეტყობა, ამითი განტვირთვას ახდენენ, მაგრამ მე გპირდებით, რომ ამ არჩევნებშიც თქვენ დაინახავთ, თუ რა რეაქცია აქვს ხალხს თქვენს სიცრუეზე და იმ დეზინფორმაციაზე, რასაც ყოველდღიურად ახდენთ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

განცხადებების შემდეგ, პარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობა გააგრძელა. კანონმდებლებმა თავდაპირველად მესამე – საბოლოო მოსმენით განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, სულხან მახათაძის, ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით გამოიტანა.
კანონპროექტების მიმართ, რომლებიც ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, გარკვეულ შემთხვევაში კი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელი მკაცრდება და დასჯადობა სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრება. სხდომაზე კანონპროექტების მიმართ არც რედაქციული ხასიათის შენიშვნები გამოთქვეს. ზაზა ხუციშვილმა ასევე მესამე მოსმენით გამოიტანა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იმავე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს და განსაზღვრავს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევაზე სამართალდარღვევათა ოქმების შემდგენელ პირებს.
ორი კანონპროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მესამე მოსმენით გამოიტანა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ.

პირველი კანონპროექტით, ხდება მგზავრების უბილეთო მგზავრობისათვის, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ მიწისზედა ელექტროტრანსპორტით და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით წაყვანისათვის პასუხისმგებლობის ზომის გაზრდა, ხოლო მეორე კანონპროექტი ეხება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა ოჯახის წევრის საპენსიო უზრუნველყოფას 1000 ლარიანი კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში.

პარლამენტმა ასევე III მოსმენით განიხილა კანონპროექტები:
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეხება სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნას);
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (კანონპროექტიმარცხენა და მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილებისთვის განსხვავებული აქციზის განაკვეთის დაწესებას ითვალისწინებს);
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეხება მთავრობის უფლებამოსილებას დადგენილებით განსაზღვროს მის მიერ შექმნილი სსიპ-ის მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეების და საფასურის ოდენობები, გარდა შესაბამისი შემთხვევებისა);
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (რეგლამენტის პროექტის თანახმად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების ჩამონათვალს ემატება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური);
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“(ფართოვდება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალი, რომელიც მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ითვალისწინებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას);
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (კანონპროექტი, მათ შორის, ითვალისწინებს პრეზიდენტის დეკრეტის როგორც ნორმატიული აქტის დაჯგუფებას ამავე ძალის მქონე ნორმატიულ აქტთან – ორგანულ კანონთან);
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (პროექტი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში იმ ნორმების ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც ეხება ობიექტებს და მათ ზედამხედველობას. კერძოდ, ავტოგასამართ სადგურთან ერთად ხდება ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურების) დამატება).
კანონმდებლებმა II მოსმენით – მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ გამოიტანა. კანონპროექტი გარკვეული კატეგორიის მოქალაქეების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას ეხება. კანონპროექტში არსებითი ხასიათის ცვლილებები არ შეუტანიათ. პარლამენტმა განიხილა საკითხი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი“ ოქმის რატიფიცირების შესახებ“, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გამოიტანა. მომხსენებლის ინფორმაციით, ოქმის მიზანია 2015 წლის უცხოური სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტის განსაზღვრა, რომელიც 2015 წლის 22 დეკემბრის შეთანხმებაზე დაყრდნობით განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეთანხმების შესაბამისად დაგეგმილია თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოსათვის 300 000 (სამასი ათასი) თურქული ლირის ექვივალენტური აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დახმარების გაწევა. დახმარება მიმართულია თავდაცვის სამინისტროსთვის მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტების განსახორციელებლად. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პარლამენტს ასევე განსახილველად წარუდგინა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტი I მოსმენით განიხილეს. ნუკრი გელაშვილის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს დანაშაულის პრევენციის, სამინისტროს ობიექტებისა და მოსამსახურეების უსაფრთხოების დაცვისა და სამართალდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, პოლიციისთვის ისეთი დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებას, როგორიცაა – სამინისტროს მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელზე, სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრზე, აგრეთვე შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე და შესასვლელებში ავტომატური ფოტო და ვიდეო-აუდიო ტექნიკის დამონტაჟება/განთავსება და ვიდეო-აუდიო ჩაწერა/გადაღება.

პარლამენტმა ასევე I მოსმენით განიხილა კანონპროექტები:
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (კანონპროექტის ინიციატორები – პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, გია ბენაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძე, ლევან გოგიჩაიშვილი.) როგორც კანონპროექტის წარდგენისას, პარლამენტის წევრმა სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, აღნიშნული ცვლილების განხორციელებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს და განავითაროს სპეციალური მომზადების პროგრამები არსებული გამოწვევების შესაბამისად. ამასთანავე, ჩნდება შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, მოამზადოს კადრები უსაფრთხოების კონკრეტული მიმართულებებზე სამუშაოდ, რომელთაც ექნებათ მაღალი პროფესიონალური საბაზისო განათლება.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა. პროექტის მიხედვით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც სავალდებულო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და დამტკიცდეს იმგვარად, რომ ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სისტემის დაფინანსება არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები).
კანონპროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა წარადგინა და ცვლილებების მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა, მან ყურადღება გაამახვილა ასევე მოსალოდნელ შედეგებზე.
მისი თქმით, კანონპროექტის მომზადება განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორების აუცილებლობამ განაპირობა.
საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს, რომ თავისი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის – განათლების მიმართულებით, რეფორმების ახალი, კომპლექსური და მრავალმხრივი ეტაპი განახორციელოს. განათლების რეფორმის კომპლექსურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი წარმატებით განხორციელება კი განათლებაზე მიმართული რესურსების ზრდას საჭიროებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანა. მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, განათლების სისტემაში დაფინანსების ეტაპობრივმა ზრდა მოხდება, ხოლო 2022 წლისთვის დაფინანსება არ უნდა იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალი ხარისხისა და კონკურენტუნარიანი განათლების მიღებას, რაც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და მდგრად განვითარების საშუალებას წარმოადგენს. პარლამენტმა სხდომაზე ასევე განიხილა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“. საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა სხდომაზე სალომე სამადაშვილმა წარადგინა. დღესვე პარლამენტმა კანონპროექტი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, თანმდევ 29 კანონპროექტთან ერთად, II მოსმენით – მუხლობრივად განიხილა. საკანონმდებლო პაკეტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გამოიტანა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0