ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი – „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის მიზანია საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ცვლილებების მიხედვით, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას ახალი ნივთიერებები ემატება. მისი თქმით, პროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებით: 2021 წლის ბოლოს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი და გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციების თანდართულ სიებში შევიდა ცვლილებები. კერძოდ, გაეროს 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი კონვენციის პირველ სიას დაემატა ერთი ნივთიერება, ხოლო გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციის მეორე სიას დაემატა 4 და მეოთხე სიას კი 3 ნივთიერება. არც ერთი ეს ნივთიერება კლინიკურ პრაქტიკაში არ გამოიყენება, მათი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობისათვის. აღნიშნული ნივთიერებების მოხმარება დასჯადი იქნება.
ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას ახალი ნივთიერებები ემატება
20/02/2023