ბორჯომში 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული გმირები გაიხსენეს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მოქალაქეები 9 აპრილის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ და სამშობლოსათვის თავდადებულებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. მათ დაღუპულთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
გარდაცვლილთა სულების უკვდავსაყოფად პანაშვიდი გადაიხადა ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანემ.
მან 9 აპრილს მომხდარ სისხლიან მოვლენებზე და ქართველი ახალგაზრდების გმირობაზეც ისაუბრა.
ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა მარიკა ნოზაძემ და აღნიშნა, რომ ეს თარიღი უდიდესი ტკივილის მატარებელია და ამავდროულად არის დღე გამარჯვებისა.
“მნიშვნელოვანია ყოველთვის გვახსოვდეს თითოეული იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებას შესწირეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ გმირებმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანეს“ -აღნიშნა მან.
ბორჯომში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
09/04/2016