ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინტენსიური სამუშაოები ხორციელდება დაბა წაღვერის, სოფლების ვარდგინეთის, დაბისა და სადგერის მოედნების კეთილმოწყობისათვის.
ობიექტებზე გათვალისწინებულია ლითონის ბადის მონტაჟი, შესასვლელი ჭიშკრის მოწყობა და სამღებრო სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოების გარდა დაბა წაღვერში სტადიონზე დამონტაჟდება განათებები, ხოლო სოფელ სადგერში შემოიღობება მოედანთან არსებული სკვერი.
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ქალაქ ბორჯომში, მესხეთის №43-ში დაიწყება სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია.
სტადიონზე დაგეგმილია ხელოვნური ბალახის საფარის დაგება, ლითონის შემოღობვის რეაბილიტაცია – აღდგენა, ტერიტორიის ქვედა მხარეს საავტომობილო გზის გასწვრივ რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა, სკვერის ტერიტორიაზე კი საბავშვო ატრაქციონის შეძენა და მონტაჟი.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ინიციატივით წელს კეთილმოეწყობა №4 და №6 საჯარო სკოლების სავარჯიშო მოედნები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ განახლებულ სტადიონებზე სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება გამართონ.
ბორჯომში სპორტული მოედნების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
29/06/2016