ბორჯომში ახალგაზრდა მუსიკოსთა კონკურსის საზეიმოდ დაიხურა

22/06/2016

ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა II ეროვნული კონკურსი დასრულდა. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე, გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებას სასტუმრო Crowne Plaza-მ უმასპინძლა. ცერემონიას კონკურსის დამაარსებელი გამოჩენილი პიანისტი თამარ ლიჩელი უძღვებოდა, რომელმაც კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და „ვარსკვლავურ“ ჟიურზეც გაამახვილა ყურადღება.
“ლიანა ისაკაძე, ალექსანდრე კორსანტია, ედიშერ სავიცკი – ესენი არიან უდიდესი მუსიკოსები და თავისი საქმის პროფესიონალები, რომელთა ყოფნა ჟიურში ყველა მაღალი დონის კონკურსისთვის ნამდვილად სანატრელია. მათ უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და საკონკურსო დღეების განმავლობაში ჩვენთან ერთად იყვნენ“- აღნიშნა თამარ ლიჩელმა.
გამარჯვებულებს წარმატება უსურვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და განაცხადა, რომ მიუხედავად კონკურსის არსებობის მოკლე პერიოდისა მან საკმაო პოპულარობა მოიპოვა.
„გამოვთქვამ რწმენას, რომ მომავალში კონკურსის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება და საერთაშორისო მნიშვნელობას შეიძენს. ამგვარი პროექტები ჩვენს რეგიონს უფრო მიმზიდველს გახდის და ხელს შეუწყობს საქართველოში კულტურული ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“- აღნიშნა გამგებელმა.
ცერემონიაზე ორგანიზატორებმა გრან-პრის ფლობელები გამოავლინეს კამერული ანსამბლის კატეგორიაში გამარჯვებულები მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის სტუდენტი სანდრო სიდამონიძე და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი საჯაია გახდნენ, ხოლო ფორტეპიანოს კატეგორიაში გამარჯვება კონსერვატორიის სტუდენტს ანი გიგაურს ხვდა წილად. მათ კონურსის უმაღლესი პრიზი „აი დი ეს ბორჯომი საქართველოს“ წარმომადგენელმა გადასცა.
ღონისძიებაზე დიპლომებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ კამერული ანსამბლისა და ფორტეპიანოს შესაბამის კატეგორიაში გამარჯვებულებიც. სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით, გაიცა ასევე სპეციალური პრიზები.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობის სიგელი გადაეცა ბორჯომის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლას. გაიცა ასევე სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის პრიზი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის.
საღამოს ბოლოს დასკვნთი კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა კონკურსის გამარჯვებულებმა მიიღეს.
კონკურსი ბორჯომის მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული მხარდაჭერით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0