ბოლო 5 წელიწადში ექსპორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს

20/07/2016

ეკონომიკა არის ავად, ჩვენ ვაჩვენებთ კარდოიგრამას და თუ ასე გაგრძელდა, ეს ეკონომიკა მოკვდება,- ამის შესახებ მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო რუტინაში ეკონომიკა ყველას დაავიწყდა.

”მე მახსოვს გამოთქმა – კვირიკაშვილის ფაქტორი გაჩნდაო. კვირიკაშვილის ფაქტორი იქნებოდა თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკეთესად ვიქნებოდით, გაიზრდებოდა ეკონომიკა, გაიზრდებოდა ბრუნვა, პენსიის ზრდა იქნებოდა ეფექტური და ა. შ” – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა და საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტი შემცირდა და გაცილებით ნაკლებია ვიდრე 2011, 2013, 2013, 2014 და 2015 წლებში.

მაჭავარიანის მტკიცებით, საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გადის გაცილებით ნაკლები, ვიდრე 2011 წელს გადიოდა. მისივე თქმით, ეჭვქვეშ დგება ხელისუფლების მიერ აშენებულ ე.წ ქარხნებში ნაწარმოები პროდუქცია სად გადის. ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის არის, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, რაც მოიცავს გადასახადების შემცირებას, კერძოდ, მოგების გადასახადის, საშემოსავლო გადასახადის და ბიოროკრატიული ხარჯების შემცირებას.

”ბოლო 5 წელიწადში ექსპორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, საქსტატის მონაცემებით თითქოს შეიძლება ითქვას, რომ იმპორტი გაიზარდა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მოსახლეობას აქვს ნაკლები ფული, არ აქვს სამსახური, მეტს ხარჯავს თავისი კრედიტის მომსახურეობაზე და ნაკლებს თავისი მოხმარების დასაკმაყოფილებლად. ამავდროულად, 1 ივნისის შემდეგ, ლარი 25 პუნქტით დაეცა. ეკონომიკური ზრდა პირველ 6 თვეში არის 2.9 პროცენტი, ანუ არა ისეთი ოპტიმისტური როგორც მთავრობა გვეუბნებოდა. თუ ეკომოკიური ზრდა ასეთი ტემპით გაგრძელდა, 2030 წელს გრანადას ან სურინამის სახელმწეიფოების დონეზე ვიქნებით”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0