ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში წყალარინების (კანალიზაციის)სისტემის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. საერთაშორისო ტენდერი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 25 ივნისს გამოაცხადა.
“მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობის“ პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.
საერთაშორისო ტენდერი 2018 წლის 6 აგვისტოს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 840 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და გაფართოება, რათა მოსახლეობამ წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლოს.
ამჟამად არსებული სისტემები ამორტიზებული და არაეფექტურია, არ ასახავს მზარდი მოსახლეობის მოთხოვნილებებს. პროექტის განხორციელების შედეგად, მარნეულსა და ბოლნისში 29 000-ზე მეტ მომხმარებელს წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება.
ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბოლნისის 35 ქუჩაზე, საერთო სავარაუდო სიგრძით 16 კილომეტრი, ასფალტო ბეტონის საფარი მოეწყობა, რითაც ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პრაქტიკულად დასრულდება.
ბოლნისში, ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება
28/06/2018