საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, სპეციალური პრიზები და სიგელები ბოლნისის, წყალტუბოს, სენაკის, რუსთავის, ასევე, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, მარნეულისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. კონფერენცია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და მისი მოადგილე ნათია ღვინაშვილი უძღვებოდნენ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, ერთდროულად ორ ლოკაციაზე – სასტუმროებში – „ბილტმორ თბილისი“ და „ჰილტონი ბათუმი“ მიმდინარეობდა. ღონისძების სლოგანი იყო “კარგი მაგალითი გადამდებია”, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ორგანიზებულ საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციას, ზუმ-პლატფორმის საშუალებით შეუერთდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კატალინ ჰერმანი,
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში – ლუიზა ვინტონი და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი – დანიელ მევლი. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2020 წლის კონკურსისთვის 13 საკონკურსო თემა შეირჩა. კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 22-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო. BPP-ს კონკურსის მმართველმა კომიტეტმა და შეფასების კომისიამ 9 გამარჯვებული გამოავლინა. BPP-ს მმართველმა კომიტეტმა 2020 წლის კარგ პრაქტიკად აღიარა – ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი – „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად.
“მოხარულები ვართ, რომ ბოლნისი უკვე მესამედ გახდა საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი. ამჯერად ჩვენი წარმატება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის “ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების“ ფარგლებში დაფუძნებულმა აგროცენტრმა განაპირობა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდწილად განიხილება, როგორც სასოფლო-სამეურნეო ზონა, სადაც მოსახლეობის 80% პიდაპირ თუ ირიბად სოფლის მეურნეობის სექტორშია ჩართული.
იმის გამო, რომ ადგილზე არ არსებობდა მყარი ინფრასტრუქტურა, რომელიც ნედლეულის ადგილზე დამუშვების, შეფუთვისა და ბრენდინგის საშუალებას მოგვცემდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში შეიქმნა აგროცენტრი. საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ერთადერთი მუნიციპალიტეტი ვართ, რომელიც აგროცენტრის საშუალებით, ადგილობრივ დამწყებ ფერმერებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს პროდუქტის წარმოებაში ეხმარება. აგროცენტრმა ფუნქციონირება 2020 წელს დაიწყო და ის ფერმერებს ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საკონსულტაციო მომსახურებას აწვდის, მათ ფინანსურ, იურიდიულ და მარკეტინგულ საკითხებში დახმარებას უწევს. ცენტრი ასევე ფერმერებს თანამედროვე დანადგარების გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეფუთვის, ეტიკეტირების, გაფილტვრისა და ბოთლებში ჩამოსხმის მობილურ სერვისსაც სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ აგროცენტრი მეწარმეებს ეხმარება სარეალიზაციო ბაზრების მოძიებაშიც, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივმა 30-მა საოჯახო მარანმა თავიანთი ღვინოების გატანა პოლონეთის ბაზარზე შეძლეს. აღნიშნულმა პროექტმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტს მისცა დიდი გამოცდილება როგორც დონორებთან ურთიერთობის, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. პროექტმა ნათლად წარმოაჩინა მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასა და ბიზნესისა და მეწარმეების მხარდაჭერაში.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას დაფასებისთვის, ამ ნომინაციაში გამარჯვება ჩვენთვის ერთგვარი დასტურია იმისა, რომ მუნიციპალიტეტი განვითარების სწორ გზას ადგას. ეს ჯილდო ჩვენთვის არის მოტივიაცია იმისა, რომ სამომავლოდაც, დიდი შემართებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.