ბოლნისის მუნიციპალურ თეატრში სეზონი დაიხურა

22/07/2016

„სიკვდილის დღის საჩუქარი“ – ამ სპექტაკლით დაიხურა სეზონი ბოლნისის მუნიციპალურ თეატრში
ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა სეზონი დახურა სპექტაკლით, რომელმაც დასს საერთაშორისო აღიარება მოუტანა – ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „სიკვდილის დღის საჩუქარი“ ბოლნისელმა მსახიობებმა 28 ივნისს გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის ქალაქ პადერბორნში გამართული ევროპული კულტურის დღეების ფარგლებში წარუდგინეს მაყურებელს. სპექტაკლმა წარმატებით, სრული ანშლაგით ჩაირა და მაყურებელთა მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა. ქართული დასითა და მისი წარმოდგენით დაინტერესდა ადგილობრივი მედია, რომელმაც არაერთი პუბლიკაცია უძღვნა ქართველების შეთავაზებულ სპექტაკლს, რომელიც ერთი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს.
ბოლნისის თეატრმა სპექტაკლიც უჩვენა მაყურებელს და პადერბორნის ევროპის კულტურის დღეების ფარგლებში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე მონაწილეობის შედეგებიც შეაჯამა – კულტურის სახლის ფოიეში გამოფენილი იყო გასტროლისა და სპექტაკლის ამსახველი ფოტოები, კოსტიუმები, ხოლო დარბაზში, ეკრანზე უჩვენეს უცხოელი მაყურებლისა და ხელოვანთა შეფასებები ქართული დასისა და ქართული სპექტაკლის შესახებ.

ბოლნისის თეატრში სეზონის ბოლოს გამართულ სპექტაკლს ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, რომლებმაც დასს პადერბორნის ევროპის კულტურის დღეებში წარმატებით მონაწილეობა მიულოცეს.
ბოლნისში თეატრალური სეზონი სექტემბრის ბოლოს პრემიერით გაიხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0