ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლნური ღვინის პოპულარიზების მიზნით, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე, საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია გამართა. დეგუსტაციაზე 20 საოჯახო მარნის 40 სახეობის ღვინო იქნა წარმოდგენილი.
ღონისძიება დაიწყო ელიას მთის კალთაზე, ახლადგაკეთებულ ტერასებზე, პირველი ვაზის დარგვის ცერემონიით. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა, ღვინისა და ტურისტული ბიზნესით დაკავებულმა სტუმრებმა სიმბოლურად თითო ვაზის ნერგი დარგეს.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ბოლნური ღვინის ისტორიულ მნიშვნელობას. ტრადიციულად ბოლნისში წარმოებული ღვინო განკუთვნილი იყო როგორც საქართველოს, ასევე უცხოური ბაზრისთვის. მერის განცხადებით „ბოლნისის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი გააჩნია ღვინის ტურიზმის განვითარების კუთხით. მოგეხსენებათ ქალაქი ბოლნისი გერმანელების მიერ დაარსებული ქალაქია, სადაც შემორჩენილია გერმანული სახლები უნიკალური სარდაფებით, წლის განმავლობაში გერმანულ მარნებში ტემპერატურა 14-18 გრადუსს აღწევს. სწორედ ამ სარდაფებში ხდება ბოლნისური ღვინოების დაყენება, რომლებიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებითა და არომატებითაა გამორჩეული და პოპულარობას დღითიდღე იძენენ. ყოველწლიურად იზრდება ბოლნისში საოჯახო მარნების რაოდენობა. თუკი რამდენიმე წლის წინ აქ ქვევრის ღვინოს წარმოება არ ხდებოდა, ახლა სურათი რადიკალურად იცვლება, რაც ბოლნისის ეკონომიკური განვითარებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს ბოლნისში მეღვინეობის განვითარებას, ასევე აღსანიშნავია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული გეგმები, ბოლნისი ხომ ისტორიული ძეგლების სიმრავლითა და ლამაზი ბუნებით გამოირჩევა”.
მოწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა. ცნობილია, რომ 1818 წელს ბოლნისში გერმანელების ჩამოსახლებამ, კასრში დაყენებული ღვინის კულტურა შეიტანა რეგიონში, მევენახეებისა და ღვინის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ 1908 წელს საკონიაკე სპირტის მწარმოებელი ქარხანა აშენდა. გერმანელების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, უკვე 70 წელზე მეტია ბოლნისელები აგრძელებენ მეღვინეობას, ხოლო უკვე 3 წელია ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში აყენებენ ღვინოს და აქტიურად მონაწილეობენ ღვინის სხვადასხვა ფესტივალებში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საოჯახო მარნების ღვინის პოპულარიზებას იწყებს
01/06/2018