ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 19 დეკემბრის მორიგ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 18 371 000 ლარით განისაზღვრა. 305 000 ლარი ბოლნისის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოეყო.
არაფინანსური აქტივების ზრდა 2017 წლისთვის დაგეგმილია 2 295 000 ლარით მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2017 წლის სტრატეგია მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდების ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 2016 წელთან შედარებით 2 171 000 ლარით გაიზარდა.
სოციალური უზრუნველყოფის მიმართულების დაფინანსება 2017 წელს 1 533 800 ლარი იქნება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს საკრებულოში 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი შეიტანა, რომელიც მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გამოქვეყნდა და კორექტირების ვადა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 10 დეკემბრამდე განისაზღვრა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულომ ერთხმად მიიღო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა
21/12/2016