ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მხარის გუბერნატორმა მოინახულა

22/09/2016

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა ქალაქ ბოლნისში მუნიციპალიტეტის მოვალეობის შემსრულებელთან ვალენტინა ნავერიანთან ერთად ადგილზე დაათვალიერა ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები თვეზე მეტია მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად, სკვერში დაიგება ბაზალტის ფილები, დამონტაჟდება სკამები, მოეწყობა მწვანე ზონა და მინი ატრაქციონები. ამ ეტაპისთვის, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ამორტიზებული ქვაფენილის დემონტაჟი უკვე დაასრულა და ზედაპირის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. სკვერში ფილებზე, სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი აფორიზმები ამოიტვიფრება.
რეგიონის გუბერნატორი მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო, სადაც ქვაფენილი იგება. ამ სამუშაოებს წინ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება უძღოდა. ქუჩის მოპირკეთება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სკვერისა და კოსტავას ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებზე, რომელთა დასრულება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება, ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან დასაქმებულნი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0