ბოლნისის მუნიციპალიტეტში ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2019“ გაიმართა. დღესასწაულს ბოლნისის ისტორიულმა უბანმა უმასპინძლა. დღესასწაულზე ადგილობრივი ხელოვანებისა და მეწარმეების ნამუშევრებისა და ნაწარმის გამოფენა მოეწყო. ქვემო ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტებმა კი თავიანთი კუთხეები წარმოადგინეს. ღონისძიების სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ ბოლნისელი მეღვინეების პროდუქცია დაეგემოვნებინათ. ტრადიციულად წელსაც „ბოლნისქალაქობაზე“ ყურძენი საზეიმოდ დაიწურა. დღესასწაულზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებიც დაჯილდოვეს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე და სპორტული აქტივობები. სპეციალურად „ბოლნისქალაქობისთვის“, ქ. თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრმა „ბიგ – ბენდმა“ და ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“ კონცერტი გამართეს. გალაკონცერტის დასრულების შემდეგ დღესასწაულის სტუმრების განწყობაზე DJ-მ იზრუნა.
“ბოლნისქალაქობა 2019“-ს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი დურსუნ ,საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე არტურ სარგსიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშვველიანმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილიმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიმართეს.
“28 სექტემბერს “ბოლნისქალაქობა“ აღვნიშნეთ, დღესასწაული ქალაქის, რომელიც ყველას, არაერთი ეთნოსის წარმომადგენელს, ქართულსა და გერმანულ კულტურას აერთიანებს. ბოლნისი ამაყობს თავისი წარსულით, იმით რომ ორასი წლის წინ შვაბმა გერმანელებმა აქ ევროპული დასახლება დაარსეს და დღეს მათ კვალზე ჩვენ ვაგრძელებთ ტოლერანტული და თანამედროვე ქალაქის ერთად აშენებას. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ქალაქის საამაყო ფებურთელის თამაზ სტეფანიას სახელობის რეაბილიტირებული ქუჩის გახსნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის უმთავრესი მიზანია ქალაქს ისტორიული იერსახე დაუბრუნოს, რისთვისაც არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ,,ბოლნისქალაქობაზე“ ბოლნისელმა ხელოვანებმა და მეწარმეებმა თავიანთი ნამუშევრები და პროდუქცია წარმოადგენეს. ბოლნისი საქართველოს ღვინის რუკაზე უკვე იმკვიდრებს თავის გამორჩეულ ადგილს. კერძო სექტორის, ადგილობრივი ხელოვანებისა და თვითმართველობის ერთობლივი მუშაობა საშუალებას გვაძლევს ჩვენი მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლში ტურისტულ ცენტრად ვაქციოთ. ბოლნისი ამაყობს თავისი გამორჩეული მოქალაქეებით, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში დიდ წარმატებას მიაღწიეს. სწორედ ასეთ ღვაწლმოსილ ბოლნისელებს საპატიო მოპალაქეების წოდება გადავეცით. ქალაქი არაა მხოლოდ შენობები, ქალაქს ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობაზე ზრუნავენ. მინდა თითეულ ბოლნისელს მოგილოცოთ ეს დღესასწაული და გისურვოთ განვითარებულ ბოლნისში ცხოვრება. წარმატებული და ეკონომიკურად ძლიერი რეგიონები კი მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.