ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში რეაბილიტირებული მინი სტადიონი გაიხსნა

16/09/2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ, ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის მინი სტადიონს რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა.
სტადიონი საზეიმოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ დირექტორმა ლევან სილაგაძემ და სპორტკომპლექსის პატარა ფეხბურთელებმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ ფეხბურთელებმა, ბოლნისის სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსის ფეხბურთის წრის აღსაზრდელებს მასტერკლასი ჩაუტარეს და გამოცდილება გაუზიარეს, შემდეგ კი ბავშვებმა „სიონის“ ფეხბურთელებთან და მერთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ სტადიონზე შეიცვალა მინდვრის საფარი, გადაიხურა ტრიბუნები, მოეწყო სველი წერტილი და გასახდელები. ასევე მოიკირწყლა სტადიონამდე მისასვლელი გზა, აღდგა შემოღობვა და შეიცვალა მინდვრის განათება. მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 289 465 ლარი შეადგინა.

“მოხარული ვარ, რომ დღეს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის რეაბილიტირებული სტადიონი გავხსენით. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციაა. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია ჩვენი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა შევქმნათ. ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ და შევეცდებით, ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის პროცესში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0