ბოლნისის ახლადრეაბილიტირებული N1 საჯარო სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

15/09/2022

საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. ახალ სასწავლო წელს ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდნენ. სკოლის დაწყება N1 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. შესრულდა საქართველოსა და სკოლის ჰიმნები და აღიმართა ხუთჯვრიანი დროშა. ახლადრეაბილიტირებული N1 საჯარო სკოლის გახსნას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე ესწრებოდნენ.
გოგი მეშველიანმა, დავით შერაზადიშვილმა, ირმა წაქაძემ და ია სვანიძემ წითელი ლენტი გაჭრეს, რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერეს და მოსწავლეებს, მათ შორის პირველკლასელებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. სარებილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სახურავი, დაზიანებული კარ-ფანჯარა ჩანაცვლდა უმაღლესი ხარისხის ალუმინის მასალით, მოპირკეთდა საპირფარეშოები, გაფართოვდა და გარემონტდა საკლასო ოთახები. მოსწავლეები ისარგებლებენ დიდი, ნათელი ბიბლიოთეკითა და სასადილო სივრცით. კეთილმოეწყო სპორტდარბაზი, ეზოში კი გაკეთდა მინი სტადიონი. სრული რეაბილიტაციის მიუხედავად, სკოლას შეუნარჩუნდა ტრადიციული იერსახე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის შემდეგ სკოლაში ინკლუზიური გარემო შეიქმნა, შშმ მოსწავლეებისთვის გაკეთდა ლიფტი და პანდუსი. სკოლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

“თითოეულ მოსწავლეს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს დღე მსურს, განსაკუთრებით მივულოცო ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რადგან ისინი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის, ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში განაახლებენ სასწავლო პროცესს. ამ ისტორიულმა სკოლამ არაერთი თაობა აღზარდა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოსწავლეებს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ორმაგ მოტივაციას მისცემთ მათ კარგად ისწავლონ და მიღებული ცოდნა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. აქვე მინდა სწავლის დაწყება ჩვენს პედაგოგებს მივულოცო და მათ მადლობა გადავუხადო მუხლჩაუხრელი შრომისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0