სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი ხვალ, თბილისის პროკურატურაში, დაკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ „რუსთავი 2“-ს ბიძინა კუჭავას შვილმა მეგი კუჭავამ განუცხადა.
კუჭავას ინფორმაციით, პროკურორებმა მარინა ნიკოლოზაშვილს ტელეფონით აცნობეს, რომ ხვალ, თბილისის პროკურატურაში, 14:00 საათზე დაკითხვაზე ელოდებიან.
„მამაჩემი სახლშია დასვენებული და დატირების საშუალებას არ გვაძლევენ. დაკითხვაზე მისვლის საკითხი გადაწყვეტილი არ გვაქვს“, – განაცხადა მეგი კუჭავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული მისივე ნათესავი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თვითმკვლელობის საქმეს პროკურატურა იძიებს. კუჭავას ოჯახს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.