ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება ნიკა გვარამიას დასჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რუსთავი 2“-მა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გააყალბა. კობახიძის განცხადებით, ისე იყო წარმოჩენილი ყოფილი პრემიერის სიტყვები, თითქოს ის მიიჩნევდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა 30 პროცენტიანი რეიტინგი.
„სინამდვილეში მთლიანად კონტექსტიდან იყო მოწყვეტილი ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, მხარდაჭერა, შეადგენს 150 000 – 200 000 კაცს, რაც პროცენტებში რომ გადავიყვანოთ არის ბევრად ნაკლები ვიდრე 30 პროცენტი. 30 პროცენტი სიტყვები იყო ნათქვამი საერთოდ სხვა კონტექსტში, რაც ძალიან კარგად ჩანდა ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც იქნა გავრცელებული, თუმცა, ყალბი ფორმით მიეწოდა ინფორმაცია ამ შემთხვევაში ტელემაყურებელს”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო დღეებში “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები ცდილობდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეცდომაში შეყვანას. ისინი სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ ე.წ. ჩამჭრელი კითხვების დასმას, დადასტურებას მათი მხრიდან, რომ “ნაცმოძრაობის”30 პროცენტიანი რეიტინგიშეესაბამება სინამდვილეს,
“ნაცმოძრაობის” 30 პროცენტიანი მაჩვენებელი არის მთლიანად აცდენილი რეალობას. მათი რეიტინგი არის ბევრად ნაკლები, რამდენჯერმე ნაკლები ვიდრე 30%. რეალურად, ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება საბოლოო ჯამში ნიკა გვარამიას დაჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად. ეს იყო მთავარი მიზანი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება ნიკა გვარამიას გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად დასჭირდა
03/10/2016