ბიუროს სხდომაზე გია ვოლსკისა და გია ბარამიძეს შორის შელაპარაკება მოხდა

13/04/2016

პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრას ბიუროს სხდომაზე ცხარე კამათი და შელაპარაკება მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობამ მათ მიერ მომზადებული და პარლამენტის დღის წესრიგში შეტანილი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტისთვის რიგითობის შეცვლა და წინა საკითხად გადმოწევა მოითხოვა. დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ დააყენა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ პროექტისთვის ”ადეკვატური ადგილი მიეჩინათ”.

ბიუროს სხდომაზე ბარამიძეს გია ვოლსკი გამოეხმაურა, რომელმაც ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს რეზოლუცია უკვე მიღებული აქვს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, უმცირესობის მხრიდან სიტუაციის ისე წარმოჩენა ხდება, თითქოს საკითხის განხილვა პარლამენტში არ უნდათ. ვოლსკის თქმით, რეზოლუცია მიღებულია, ხოლო უმცირესობა მოვლენებს ჩამორჩა.

ვოლსკის რეპლიკას ბარამიძემ უპასუხა და მან ჩამორჩენილად ”ქართული ოცნება” მოიხსენია.

”ჩამორჩენილი ”ქართული ოცნებაა”, – განაცხადა გია ბარამიძემ სხდომაზე.

ბიუროს სხდომაზე ასევე კამათის თემა იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენის საკითხიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0