პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განისაზღვრა. პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომლის თანახმად, ტყის მართვის ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტებს დაადგენს. პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2023 წლის 1 იანვრის ნაცვლად დასაშვები 2026 წლის 1 იანვრამდე იქნება. ბიურომ განიხილა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ტყის და დაცული ტერიტორიების საზღვრებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეები გადაეცემა შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს, ხოლო აჭარაში – სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს. პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივა, „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილება, რომლის თანახმად, ოლიგარქის და ოლიგარქიული მმართველობის შეკავებისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები დგინდება. პარლამენტი, სამოცდაათამდე თანმდევ კანონთან ერთად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს განიხილავს. დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.
ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს
21/11/2022