2023 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის სამშაბათის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პოლიტიკური განცხადებების შემდეგ კანონპროექტებს განიხილავენ. ოთხშაბათს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მოხსენებას წარადგენს.
„ოთხშაბათს წლიურ ანგარიშს წარმოვადგენ 12 საათზე. მოწვეულია მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი. ანგარიშის შემდეგ შეგვეძლება სხვა საკითხებიც განვიხილოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ხუთშაბათს კი პარლამენტი დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს და 5 კომიტეტის ანგარიშს მოისმენს. შალვა პაპუაშვილი თურქეთსა და სირიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
„დიდი ტრაგედია დატრიალდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს თურქეთსა და სირიაში. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით დაღუპულთა სრული რაოდენობა არ არის ცნობილი. მინდა დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.